
გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების მომხმარებლებისთვის ტარიფები დაახლოებით 5-8 თეთრით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი მცირე კომპანიებისათვის - შპს „გასკო +“, შპს „ვარკეთილაირი“, სს „ენერგოკავშირი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირებაზე დღეს გამათულ საჯარო სხდომაზე იმსჯელა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, შპს „გასკო +“-ის კორექტირებული ტარიფია 53.351 თეთრი/მ3 დღგ-ს ჩათვლით. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.301 თეთრი/მ3-ს. შპს „ვარკეთილაირის“ კორექტირებული ტარიფია 57.062 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 48.677 თეთრი/მ3-ს. სს „ენერგოკავშირის“ კორექტირებული ტარიფია 57.794 თეთრი/მ3. პირველ ივლისამდე მოქმედი ტარიფი შეადგენს 49.443 თეთრი/მ3-ს.
კორექტირებული ტარიფები ძალაში შევა პირველი ივლისიდან და იმოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
შპს „გასკო +“ ოპერირებს სენაკში და ემსახურება 9 ათასამდე აბონენტს. შპს „ვარკეთილაირი“ ოპერირებს ვარკეთილში და 16 ათასამდე აბონენტს ემსახურება. სს „ენერგოკავშირი“ ემსახურება გლდანისა და მუხიანის რამდენიმე მიკრორაიონს, ჯამში 12 000-მდე აბონენტს.
როგორც სემეკში განმარტავენ, ტარიფების ცვლილების საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სემეკში შესული კომპანიების მოთხოვნები ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებით.