LIVE

ევროპული სასამართლო: YouTube არ აგებს პასუხს საავტორო უფლებების დარღვევისთვის

24 ივნ 202110:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 607
ევროპული სასამართლო: YouTube არ აგებს პასუხს საავტორო უფლებების დარღვევისთვის
REUTERS/Dado Ruvic

ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა YouTube-ის სარჩელი საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ. ონლაინ პლატფორმები არ აგებენ პასუხს მომხმარებლების მიერ არაავტორიზებული ნამუშევრების ატვირთვისთვის, თუ პლატფორმებს არ შეეძლოთ სწრაფი ზომების მიღება მისი ამოღების ან დაბლოკვისთვის.

საქმე ეხებოდა ხანგრძლივ ბრძოლას ევროპის $1 ტრილიონის ღირებულების შემოქმედებით ინდუსტრიასა და ონლაინ პლატფორმებს შორის. ინდუსტრია უნებართვოდ ატვირთული სამუშაოს ანაზღაურებას ონლაინ პლატფორმებისგან ითხოვდა. 

გადაწყვეტილება ასევე არის ფართო დისკუსიის ნაწილი იმის შესახებ, თუ რამდენად აგებენ პასუხს ონლაინ და სოციალური მედიის პლატფორმები არასანქცირებული, უკანონო, ან სიძულვილის შემცველი შინაარსის გამოქვეყნების დროს. საკითხის გადაწყვეტას ევროკავშირის მარეგულირებლები ახალი, მკაცრი წესებით აპირებენ, რომლებიც შეიძლება მომავალი წლის განმავლობაში ამოქმედდეს.

“ონლაინ პლატფორმების ოპერატორები, პრინციპში, თავად არ იცნობენ საავტორო უფლებებით დაცულ შინაარსს, რომელსაც უკანონოდ განათავსებენ ინტერნეტში ამ პლატფორმების მომხმარებლები”,- წერს გადაწყვეტილებაში სასამართლო. ამასთან, პლატფორმებს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ გამოყენებული შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტები მომხმარებლების მიერ საავტორო უფლებების დარღვევასთან ბრძოლის მიზნით, ან თუ პლატფორმებზე უზრუნველყოფენ შინაარსის უკანონო გაზიარების ინსტრუმენტებს.

სასამართლოს განჩინების საპასუხოდ, YouTube-ის სპიკერმა თქვა: “YouTube არის საავტორო უფლებების ლიდერი და მხარს უჭერს საავტორო უფლებების მფლობელებს, რომლებსაც უნაზღაურდებათ მათი წილი. სწორედ ამიტომ ჩავდეთ ინვესტიცია საავტორო უფლებების უახლეს ინსტრუმენტებში. მხოლოდ ბოლო 12 თვის განმავლობაში მუსიკალურ ინდუსტრიას $4 მილიარდი გადავუხადეთ, რომლის 30%-ზე მეტი მონეტიზებული მომხმარებლის მიერ შექმნილ შინაარსზე მოდის”.

ევროკავშირის არსებული რეგულაციები YouTube-სა და მის კონკურენტებს საავტორო უფლებების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, თუ ხდება დარღვევების შეტყობინება და ამოღება.

გასულ წელს ევროკავშირმა გადახედა საავტორო უფლებების წესებს, რათა დაეხმაროს შემოქმედებით ინდუსტრიებს ძირითადი დებულების მიღებით, რომელიც ცნობილია მე-17 მუხლით. ის მოითხოვს YouTube-ისგან, Instagram-ისა და სხვა გაზიარების პლატფორმებისგან, დააყენონ ფილტრები მომხმარებლების მიერ საავტორო უფლებებით დაცული მასალის ჩამოტვირთვის თავიდან ასაცილებლად.

რეგულაციას მოჰყვა კრიტიკა სამოქალაქო უფლებების ჯგუფების მხრიდან, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ ავტორიტარული მთავრობების მიერ შესაძლო ცენზურისა და სიტყვის თავისუფლების რისკის გამო.

ევროკომისიამ ასევე წარმოადგინა გაცილებით უფრო ფართო ციფრული სერვისების აქტი, რომელიც მკაცრ ვალდებულებებს აწესებს მსხვილი ონლაინ კომპანიებისთვის, ონლაინ პლატფორმებისთვის და ჰოსტინგის სერვისებისთვის, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. ეს შეეხება ვებ-გვერდებს, ინტერნეტ ინფრასტრუქტურის სერვისებსა და ონლაინ პლატფორმებს, როგორიცაა ონლაინ ბაზრები, სოციალური მედია, შინაარსის გაზიარების პლატფორმები, აპლიკაციების მაღაზიები და ონლაინ სამოგზაურო პლატფორმები.