LIVE

მაკრონიც და ლე პენიც საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში დაბალ შედეგებს აჩვენებენ

22 ივნ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 766
მაკრონიც და ლე პენიც საფრანგეთის რეგიონალურ არჩევნებში დაბალ შედეგებს აჩვენებენ
AFP

პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და მემარჯვენეების ლიდერმა მარინ ლე პენმა საფრანგეთში რეგიონალური არჩევნების პირველ ტურში მოსალოდნელზე უარესი შედეგები მიიღეს, რაც 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ორი მთავარი პრეტენდენტისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა.

რეკორდულად დაბალი აქტივობა საფრანგეთში მთავარი სალაპარაკო თემაა. არჩევნებში მონაწილეობისგან თავის შეკავება შესაძლოა, პროტესტის ახალ ფორმას წარმოადგენდეს. ამომრჩევლებს ურჩევნიათ სახლში დარჩნენ, ვიდრე ექსტრემისტულ მემარჯვენეებს მისცენ ხმა.

საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრის ინსტიტუტის (IFOP) გამოკითხვის თანახმად, მთავარი გამარჯვებული გახდა ტრადიციული მემარჯვენე, რესპუბლიკელები, რომლებმაც გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით საშუალოდ 28% მიიღეს. ხავიერ ბერტრანი პირველ ადგილზე გავიდა ოტ-დე-ფრანსში ხმების 41%-ით და დაამარცხა მეტოქე, რომელსაც მხარს უჭერდა ლე პენი. ილ-დე-ფრანსის რეგიონში, რომელიც მოიცავს პარიზს, სადაც მაკრონის პარტიამ მინისტრი, ვალერი პეკრესი დანიშნა, ხმათა 35%-ით ლიდერობდა. ბერტრანი და პეკრესი პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატები არიან.

ლე პენის ნაციონალურმა ფრონტმა საერთო ჯამში დაახლოებით 19% მიიღო, რაც ბოლო არჩევნებზე მიღებულ შედეგებზე თითქმის 10 ქულით ნაკლებია.

მაკრონის პარტიამ, რომელიც პირველად მონაწილეობდა რეგიონალურ არჩევნებში, 2016 წელს მისი შექმნის შემდეგ, დაახლოებით 11% აიღო.

მემარცხენეებმა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგით, ქვეყნის მასშტაბი ხმების 34% მიიღეს. შედეგი ფრაგმენტული იყო, რომელიც ძირითადად, სოციალისტებსა და მწვანეთა შორის გაიყო.

არჩევნებზე დიდი ყურადღება გამახვილდა, რადგან ეს არის ქვეყნის მასშტაბით უკანასკნელი რბოლა მომავალი აპრილის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ეს შეიძლება დაეხმაროს მემარცხენეებსა და რესპუბლიკელებს, ჩამოყალიბდნენ თავიანთ კანდიდატზე და ლე პენმა შესაძლოა, მოიგოს თავისი პირველი რეგიონალური ძალაუფლების ბაზა, რაც დაეხმარება მას დაარწმუნოს ამომრჩეველი, რომ მისი პარტია ნდობას იმსახურებს ქვეყნის სამართავად. ზოგადად, რეგიონალური არჩევნები არ გვიჩვენებს რეალურ სურათს იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდება ბრძოლა ქვეყნის მთავარი თანამდებობისთვის.

მაკრონის პარტიამ რამდენიმე რეგიონში წარმატება ვერ მოიპოვა და, სავარაუდოდ, ვერც შეძლებს დამოუკიდებლად გამარჯვებას. ეს იმის ნიშანია, რომ მოძრაობამ ჯერ ვერ შეძლო ძლიერი ადგილობრივი ბაზის შექმნა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანინმა სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა, რომ შედეგი ”მარცხი“ იყო პრეზიდენტის პარტიისთვის და ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატია ნიშნავს ზოგჯერ არჩევნების წაგებას, რაც არ არის ტრაგიკული ამბავი.

ლე პენისთვის მისი პოპულარული თანამებრძოლი, ტიერი მარიანი კვლავ რჩება რეგიონის გაკონტროლების საუკეთესო იმედად. მან პირველ ტურში პროვანსი-ალპები-კოტ-დ’აზურში ხმების 36% მიიღო, ხოლო მოქმედმა კონსერვატორმა რენო მუსელიემ 32%. ეს ტერიტორია მარსელის ირგვლივ მდებარეობს, რომელიც საფრანგეთის მეორე ყველაზე დასახლებული ქალაქია. აგრეთვე საფრანგეთის რივიერას გარშემო, სადაც გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ლე პენის პარტია იმარჯვებს.

ლე პენმა მომხრეებს მიმართა, რომ არ უნდა დაითრგუნონ და მოუწოდა, მეტი რაოდენობით გამოვიდნენ მეორე ტურისთვის.

პრეზიდენტის მოძრაობის ხელმძღვანელმა, სტანისლას გერინიმ აღნიშნა,  რომ სადაც ლე პენს გამარჯვების შანსი აქვს, მაკრონის პარტია მოხსნის თავის კანდიდატს მეორე ტურში, იმ ჯგუფის სასარგებლოდ, რომელსაც ექსტრემისტული მემარჯვენეების დამარცხების უკეთესი პერსპექტივა აქვს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანია ნუსბაუმი და სემი ადგირნი