LIVE

OnlyFans-ი დაფინანსების ახალი რაუნდით $1 მილიარდიანი შეფასების მიღწევას ცდილობს

20 ივნ 202118:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1289
OnlyFans-ი დაფინანსების ახალი რაუნდით $1 მილიარდიანი შეფასების მიღწევას ცდილობს
Bloomberg

OnlyFans, საიტი, სადაც ცნობილი ადამიანები და სხვა მომხმარებლები გამომწერებს 18+ შინაარსზე წვდომას სთავაზობენ, ახალი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებს. თანხების მოზიდვის შემდეგ, კომპანიის შეფასება, სავარაუდოდ $1 მილიარდს გადააჭარბებს.

საკითხთან დაახლოებული ადამიანების ინფორმაციით, სტარტაპი, რომელიც მომგებიანია, ინვესტორების მხრიდან მხარდაჭერის მიღებაზე მუშაობს. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მოძებნონ ინვესტორები, რომლებიც 18+ საიტს დაეხმარებიან გახდეს მეინსტრიმ მედია-პლატფორმა და შეამციროს პორნო საიტის რეპუტაცია.

მიუხედავად იმისა, რომ OnlyFans-ს ზრდასრულთა გართობის ინდუსტრიაში აქვს საფუძვლები, საიტს სურს გახდეს ისეთი პლატფორმა, სადაც ცნობილ ადამიანებსა და სპორტსმენებს შეეძლებათ დაუკავშირდნენ თაყვანისმცემლებს. ის ასევე ცდილობს უფრო მეტი რეკლამის მოზიდვას, რომელთაგან ზოგი შეიძლება ფრთხილი იყოს საიტის პორნო კავშირების მიმართ.

ჯერჯერობით, მისი ცნობილი მომხმარებლები არიან პროფესიონალი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი და რეპერი Cardi B.

"სპორტსმენები ის კატეგორიაა, სადაც ზრდის პოტენციალს ვხედავთ",- განაცხადა OnlyFans-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ სტოკელმა, როდესაც თვის დასაწყისში მეივეზერი შეუერთდა საიტს.

გასულ წელს OnlyFans-მა $2 მილიარდზე მეტის გაყიდვები დააფიქსირა. საიტი გადასახადის სახით გაყიდვების 20%-ს იღებს, ეს ნიშნავს, რომ გასულ წელს მას $400 მილიონზე მეტი შემოსავალი ჰქონდა.

წელს, ლონდონში დაფუძნებული კომპანია 100%-ზე მეტი ტემპით იზრდება. OnlyFans-მა განაცხადა, რომ პლატფორმის 1,25 მილიონზე მეტ შემქმნელს ჯამში $3 მილიარდი გადაუხადა. საიტს ამჟამად 130 მილიონზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: გილიან ტენი და ლუკას შოუ