LIVE

De Beers-ის პარტნიორმა გიგანტურ ალმასს მიაგნო

20 ივნ 202116:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 876
De Beers-ის პარტნიორმა გიგანტურ ალმასს მიაგნო
DumaFM

De Beers-ში შემავალმა Debswana Diamond-მა, 1-ელ ივნისს ბოტსვანაში 1098-კარატიანი ქვა აღმოაჩინა, რაც უდიდესია კომპანიის 50-წლიანი საქმიანობის მანძილზე.

წინასწარი ანალიზის თანახმად, ეს ქვა მსოფლიოში სიდიდით მესამე ბრილიანტია 1905 წელს სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კულინანის ბრილიანტისა და 2015 წელს ბოტსვანაში ნაპოვნი ლესედი ლა რონას შემდეგ.

ამ ეტაპზე ცნობილი არაა, ალმასს De Beers-ი გაყიდის, თუ სახელმწიფო სავაჭრო ორგანო Okavango Diamond-ი.

„Debswana ითანამშრომლებს ბოტსვანას რესპუბლიკის მთავრობასთან და De Beers-თან ალმასის შეფასებისა და გაყიდვის მიზნით, რათა უზრუნველყოს მაქსიმალური სარგებელი ბოტსვანას მოსახლეობისთვის“,- განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

ქვა აღმოაჩინეს ჯუანენგთან, მსოფლიოში ყველაზე მდიდარ მაღაროში, რომელის გაფართოებისთვისაც $2 მილიარდიანი ინვესტიცია ხორციელდება.

Debswana არის 50/50 პარტნიორობა ბოტსვანასა და De Beers-ს შორის სამხრეთ-დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოში ძვირფასი ქვების მოსაპოვებლად. გასულ წელს კომპანიამ აწარმოა 16,6 მილიონი კარატი, ხოლო 2019 წელს 23,3 მილიონი.

ბოტსვანაზე De Beers-ის წარმოების ორ მესამედზე მეტი მოდის. აფრიკული სახელმწიფოს ექსპორტის 90% ბრილიანტებზე მოდის. გასულ წელს, ბიტსვანას ბრილიანტის გაყიდვებმა 30%-ით დაიკლო და $2.1 მილიარდი შეადგინა, რადგან მაღაროებმა Covid-19 პანდემიის გამო წარმოება შეაჩერეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მგონგენი მგუნი