LIVE

ქარის ინდუსტრია ძველი ტურბინების ნაგავსაყრელზე განთავსების აკრძალვას ითხოვს

21 ივნ 202121:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 798
ქარის ინდუსტრია ძველი ტურბინების ნაგავსაყრელზე განთავსების აკრძალვას ითხოვს
phys.org/

ევროპის ქარის ენერგიის ინდუსტრია მოითხოვს, დასრულდეს ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე დამაბინძურებელი მხარე. ინდუსტრიული ჯგუფი Wind Europe-ი ევროკომისიას მოუწოდებს, 2025 წლისთვის აიკრძალოს ტურბინის ამორტიზებული პირების ნაგავსაყრელზე განთავსება. ინდუსტრიული ჯგუფი იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივით დაჩქარდება ტურბინების გადამუშავებადი პირების დამზადება.

მიუხედავად იმისა, რომ ქარის ენერგია ემისიების შემცირებას უწყობს ხელს, ტურბინები შეიძლება ნარჩენების წყარო გახდეს. შესაძლებელია, ქარის გენერატორების სტრუქტურების უმეტესი ნაწილის გადამუშავება, მაგალითად, ფოლადის კოშკებისა და როტორების, თუმცა ეს არ ეხება ქარის ტურბინების პირებს, რომლებიც შეიცავს მინის, ან ნახშირბადის ბოჭკოებს და წებოვან რეზინს. შეუძლებელია მათი დაშლა და ხელახლა გამოყენება. ისინი, როგორც წესი, ნაგავსაყრელებზე აღმოჩნდებიან ქარის ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 20-25 წლის შემდეგ.

"ევროპაში, დაახლოებით 25,000 ტონა ტურბინის პირი ჩამოიწერება 2025 წლისთვის, ხოლო 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 52,000 ტონამდე გაიზრდება",- ნათქვამია ინდუსტრიული ჯგუფის განცხადებაში.

რეგიონის ტურბინის უდიდესმა მწარმოებელმა, Vestas Wind Systems-მა დანერგა ეპოქსიდის ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გადამუშავდეს თავდაპირველი ქიმიური ნაერთების დონეზე. იგი თანამშრომლობს ეპოქსიდის მწარმოებელ Olin Corp-თან, დანიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან და ორჰუსის უნივერსიტეტთან, რათა შეიმუშაონ პროდუქტის კომერციული წარმოების მეთოდი, შემდეგი სამი წლის განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უილ მატისი