LIVE

პუტინი და ბაიდენი დღეს შეხვდებიან

16 ივნ 202110:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 968
პუტინი და ბაიდენი დღეს შეხვდებიან

10 წლის შემდეგ, ჯო ბაიდენი და ვლადიმერ პუტინი დღეს ჟენევას ტბაზე, მე-18 საუკუნის შვეიცარიულ ვილაში შეხვდებიან. აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მათი უმაღლესი დიპლომატების, ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის თანხლებით დაიწყება, შემდეგ კი გაფართოებული შეხვედრა იგეგმება. 

ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრის მიმართ მსოფლიოს მასშტაბით ინტერესი დიდია, თუმცა თავად ქვეყნებს შეხვედრისგან დიდი მოლოდინი არ აქვთ. ლიდერები თანხმდებიან, რომ თითქმის ხუთსაათიანი შეხვედრა ცივი ომის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დასულ ურთიერთობებში მნიშვნელოვან გარღვევას ვერ მოიტანს

ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ აშშ რეაგირების გარეშე არ იქნება, “თუ რუსეთი მავნე მოქმედებებს გააგრძელებს. ჩვენ დავიცავთ ტრანსატლანტიკურ ალიანსს და დავდგებით დემოკრატიულ ღირებულებების გვერდით”.

თეთრი სახლის გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო განსახილველ თემებშია ბირთვული იარაღის პაქტის განახლება, რომლის მოქმედების ვადა 2026 წელს იწურება. 

ბაიდენი გეგმავს, რომ პუტინთან ისეთი თემები განიხილოს, როგორებიცაა კიბერთავდასხმები, სამხედრო მოქმედებები უკრაინაში, აშშ-ის არჩევნებში ჩარევა. აშშ-ს პრეზიდენტი ასევე მიიჩნევს, რომ საუბარი უნდა შეეხოს ადამიანის უფლებებსა და პუტინის მიერ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის პოლიტიკური მოძრაობის დარბევას, თუმცა საპასუხოდ, პუტინი ამბობს, რომ ეს რუსეთის შიდა საქმეებია. 

ამ საკითხებზე პუტინმა სამიტის წინ NBC News-თან ვრცელ ინტერვიუში დამცინავად ისაუბრა. რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება აშშ-ის პოლიტიკაზე გადაიტანა, მათ შორის ისაუბრა, NATO-ს გაფართოებაზე, დაწესებულ სანქციებსა და ლიბიაში დესტაბილიზაციაში აშშ-ის როლზე.

ოფიციალური დღის წესრიგით, პრეზიდენტები ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე, კიბერდანაშაულზე, კლიმატის ცვლილებებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, უსაფრთხოების საკითხებსა და ზოგიერთ წინასწარ დაუგეგმავ თემაზე იმსჯელებენ.

შეხვედრის ფარგლებში ლიდერების ერთობლივი სადილი დაგეგმილი არ არის. როგორც ცნობილია, შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტები არც საერთო პრესკონფერენციას გამართავენ, რაც ასევე, იმის მანიშნებელია, თუ რამდენად მცირეა ურთიერთობის დათბობის მოლოდინი.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ნიკ უადჰემსი და ილია არხიპოვი