LIVE

წლიურად 1 მლნ-ის ხელფასს 183 პირი იღებს - ხელფასების შეცლილი სტატისტიკა

15 ივნ 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1388

დასაქმების ფორმალური სექტორი აღდგენის სწრაფ ტემპს აჩვენებს. მიმდინარე წლის აპრილში ხელფასი 75 ათასით მეტ პირს ჩაერიცხა, ვიდრე გასული წლის აპრილში. 2%-ით გაიზარდა ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა 2019 წელთან შედარებითაც. თუმცა ზრდა ფიქსირდება საშუალო და მაღალანაზღაურებადი პირების შემთხვევაში, ხოლო მათი რაოდენობა, ვისაც პანდემიამდეც და ახლაც დაბალი შემოსავალი აქვთ იკლებს.

რაოდენობრივად ყველაზე მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს იმ პირების რაოდენობა, ვისი ანაზღაურებაც თვეში 1000-დან 2000 ლარამდეა. კიდევ უფრო განსხვავებულია სურათი არაფორმალურ სექტორში, სადაც უმეტესად სწორედ პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების წარმომადგენლები არიან დასაქმებულები. მაგალითად, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ რომ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა პანდემიამდელ მონაცემთან შედარებით თითქმის განახევრებულია.

შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნეს ფორმულასთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის აპრილში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა წლიურად 75 400 პირით გაიზარდა და ჯამში 858 000-ს გადააჭარბა.

იმ პირების რაოდენობა, ვისი დასაბეგრი შემოსავალიც 1200 ლარზე ნაკლები იყო, ანუ დაბეგვრის შემდეგ მაქსიმუმ 980 ლარი 472 000-ს აღემატება რაც 2020 წლის მარტის მონაცემს 57 ათასით ჩამოუვარდება. ჯამში ამ პირებმა ხელფასის სახით ერთ თვეში 300 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, რაც თითქმის 29 მილიონი ლარით ჩამორჩება პანდემიამდელ მონაცემს.

იმ პირთა რაოდენობა, ვისი ხელფასიც თვეში არ აღემატება 980 ლარს, დასაქმების ფორმალური სექტორის 50%-ს შეადგენს.

განსხვავებულია სურათი მაღალანაზღაურებადი კადრების შემთხვევაში. იმ პირების რაოდენობა, ვისი ხელფასიც პანდემიამდე თვეში 9000 ლარს აღემატებოდა იზრდება და თუკი მსგავსი მოცულობის ხელფასს პანდემიამდე 9800-მდე პირი იღებდა, ახლა მათი რაოდენობა 13 000-ზე მეტია. ამ ფონზე კი იზრდება ქვეყანაში ჯამურად გაცემული ხელფასების მოცულობაც. კერძოდ, აპრილში ხელფასის სახით 1.5 მილიარდ ლარზე მეტი გაიცა, მაშინ როცა პანდემიის დაწყებამდე ეს მაჩვენებელი 1.3 მილიარდს შეადგენდა.  

საქართველოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა - ანუ ე.წ. ჯინის კოეფიციენტი საშუალო ნიშნულზეა. იმ პირების რაოდენობა, ვისი ანაზღაურებაც თვეში 20 000 ლარს აღემატება დასაქმებულების 0.3%-ია - კერძოდ 3300-მდე პირი მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით. ფორმალურად დასაქმებული მოსახლეობის 0.3% ქვეყანაში გაცემული მთლიანი ხელფასის 11.7%-ს იღებს. სწორედ დასაქმებულთა 0.3%-ში შედიან თითქმის ყველა სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი, დაწყებული ზარალიანი და საპარტნიორო ფონდის დირექტორით, დამთავრებული ასევე ზარალიანი საქართველოს რკინიგზისა თუ ფოსტის დირექტორით.

ქვეყანაში 183 პირი წელიწადში მილიონი ლარის ანაზღაურებას იღებს. მათი ანაზღაურება თვეში 100 ათას ლარს აღემატება და ერთ თვეში ჯამში 74 მილიონ ლარამდე ხელფასი მიიღეს. გასული წლის აპრილში, როდესაც ქვეყანაში მკაცრი ლოქდაუნი მოქმედებდა, მსგავსი პირების რაოდენობა 81-მდე იყო შემცირებული, თუმცა ეტაპობრივი აღდგენის შემდეგ ეს მონაცემი პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა.

წელიწადში მილიონ ლარიან ანაზღაურებას ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების 0.02% იღებს და ისინი ქვეყანაში გაცემული ჯამური ხელფასის 4.8%-ს იღებენ. საზოგადოების ამ ნაწილში შედიან კომერციული ბანკების წარმომადგენლები. მაგალითად - "საქართველოს ბანკმა" 2020 წელს 7 დირექტორს ანაზღაურების სახით ჯამში 30 მილიონ ლარამდე გადაუხადა, ამავე რაოდენობის დირექტორატმა "თიბისი ბანკში" 1 წლის განმავლობაში ჯამში 10 მილიონი ლარის ანაზღაურება მიიღო.