LIVE

Michelin-ი მსოფლიოში ყველაზე მწვანე საბურავის გამოშვებას გეგმავს

20 ივნ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1115
Michelin-ი მსოფლიოში ყველაზე მწვანე საბურავის გამოშვებას გეგმავს
Michelin

საბურავების კომპანია Michelin-ი აცხადებს, რომ 30-წლიანი ექსპერიმენტირების შედეგად, საბოლოოდ დახვეწა რეზინის ფორმულა, რომელიც სრულად გადამუშავებადი იქნება.

Bloomberg-მა ჩაწერა ინტერვიუ ალექსის გარსინთან, Michelin-ის ჩრდილოეთ ამერიკის განყოფილების პრეზიდენტთან და ესაუბრა კომპანიის კვლევისა და განვითარების სტრატეგიაზე, ისევე, როგორც მოსამზადებელ სამუშაოებზე ელექტრომობილების მასიური ტალღისთვის.

-როგორ იცვლება თქვენი მიდგომა ელექტრომობილების პოპულარიზაციის ფონზე?

- მას მეტნაკლებად იგივე სირთულეები ახასიათებს, როგორც შიდაწვის მანქანის საბურავის დამზადებას, მაგრამ ახალ მიდგომებს სხვა დონეზე ავყავართ. საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ უნდა შეამციროთ წინააღმდეგობა, რადგან მას პირდაპირი კავშირი აქვს საწვავის ხარჯვასთან. გამოყენებული მაღალტექნოლოგიური მასალები სულ უფრო მსუბუქი უნდა იყოს, რადგან თუ მანქანა დამძიმდება, საბურავის სიმსუბუქემ უნდა დააკომპენსიროს ეს ნაკლი. ეს ნამდვილად დახვეწილი ნაზავია.

- ეს საბურავები კონკრეტულად ელექტრომობილებისთვის დამზადდა?

- მარტში წარმოვადგინეთ e.PRIMACY, რომელიც წლის ბოლოს გამოვა უფრო დიდი ჯიპებისთვის აშშ-ში. ეს საბურავი ელექტრომობილებს 7%-მდე დამატებით დიაპაზონს შესძენს, რადგან ის ოპტიმიზირებულია, რომ შეამციროს გზის წინააღმდეგობა. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც კარგად დავეუფლეთ და მას მხოლოდ ჩვენ ვუშვებთ.

მეორე მაგალითია Pilot Sport, რომელიც ახლახანს გამოვუშვით. ეს არის ელექტრონული სპორტული მანქანებისთვის განკუთვნილი საბურავი და 60 კმ-მდე დამატებითი მოძრაობის დიაპაზონს ამატებს.

- როგორ ვითარდება თქვენი კვლევისა და განვითარების მიმართულება?

- დიდი ინვესტიციები ჩავდეთ მაღალტექნოლოგიური მასალების განყოფილებაში. ეს ახალ არეალებს გვაკავშირებს, როგორიცაა კოსმოსური სივრცე, სამედიცინო და სხვა ინდუსტრიები. ჩვენი ხედვაა, რომ 2050 წლისთვის გვქონდეს სრულად განახლებადი და გადამუშავებადი საბურავები. დღეს საბურავების დაახლოებით 30% განახლებადი და გადამუშავებადია.

- რა გავლენა იქონია ელექტრომობილების პოპულარიზაციამ თქვენი გაყიდვებისა და განაწილების სტრატეგიაზე? 

- ვფიქრობ, რაც ახლა ხდება, ავტოინდუსტრიის ფუნდამენტური ტრანსფორმაციაა და ის ავტომწარმოებლებს უბიძგებს იფიქრონ ახალ ბიზნეს მოდელზე. ავტომობილების ღირებულება ალბათ, გადაადგილდება ავტომობილის ყიდვიდან და მისი ტექნიკური მომსახურებიდან ზოგიერთ ახალ სერვისზე, რომელსაც ყოველთვიურად ყიდულობთ, ან ზოგიერთ პაკეტზე, რომლის ინტეგრირებაც შეგიძლიათ ყოველ 6 თვეში, რაც დამოკიდებულია ახალ მახასიათებლებსა და ტექნოლოგიებზე. 2012 წლიდან, ჩვენ პირველი მწარმოებელი ვიყავით, ვინც ჩავაყენეთ RFID ჩიპი საშუალო და მძიმე ტვირთის ყველა საბურავში. 2023 წლისთვის სამგზავრო მანქანის ყველა საბურავი აღჭურვილი იქნება RFID ჩიპით, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ეს კარგი ბიზნეს მოდელია.

- თუ ესაუბრებით კომპანიებს ავტოწარმოების ადრეულ ეტაპზე?

- დიახ, მათ სჭირდებათ ძლიერი პარტნიორი, რომ გაუმკლავდნენ გამოწვევებს ავტომობილის დიზაინის შექმნისას - დიაპაზონი, წონა და ხმაური და ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ. თითოეულ მათგანს შეიძლება განსხვავებული მიდგომა ჰქონდეს ბაზრის შემდგომი სტრატეგიების გათვალისწინებით. შემდგომი ბაზარი (გარანტიები, გრძელვადიანი მომსახურება, დამატებითი ნაწილები) მთლიანად განახლდება მომდევნო ხუთი, ან 10 წლის განმავლობაში.

- როდესაც ამგვარი დიალოგი გაქვთ, ვთქვათ Tesla-სთან, ან Rivian-თან, რამდენად ერგებით მათ მოთხოვნებს?

- როდესაც მწარმოებლებს ვესაუბრებით, უმეტესად, სპეციალურად ამ მანქანებისთვის მზადდება საბურავები. იმის გამო, რომ მანქანები ძალიან სპეციფიურია, წონის, ბრუნვისა და ავტომობილის შასის ურთიერთქმედების გამო, თითოეული შემთხვევა განსხვავებულია. საბურავების უმეტესობა მორგებულია სპეციფიკური მოდელის დონეზე. ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ჩანს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კაილ სტოკი