LIVE

როგორ შეუძლიათ ბაიდენსა და ერდოღანს თურქულ-ამერიკული დაპირისპირების დასრულება

13 ივნ 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
როგორ შეუძლიათ ბაიდენსა და ერდოღანს თურქულ-ამერიკული დაპირისპირების დასრულება
Anadolu Agency

ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ის პრეზიდენტები თურქეთს სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორად მიიჩნევდნენ. ბარაკ ობამა, პირველი ოფიციალური ვიზიტით სწორედ თურქეთს ეწვია. დონალდ ტრამპს რეგულარული დიალოგი ჰქონდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირობებში ქვეყნებს შორის ურთიერთობის ხასიათი შეიცვალა.

ბაიდენი სამი თვე იცდიდა, ვიდრე ერდოღანს ტელეფონით გაესაუბრებოდა, რაც ამერიკის მეგობრების რეიტინგში თურქეთის დაქვეითების გამოხატულებაა. საუბრის შემდეგ დღეს, ბაიდენმა დაარღვია აშშ-ის ბოლო პრეზიდენტების ტრადიცია და ოსმალეთის ეპოქის თურქეთში სომეხთა მასობრივ მკვლელობებს „გენოციდი" უწოდა, რამაც ანკარაში უდიდესი უკმაყოფილება გამოიწვია.

ბაიდენის ადმინისტრაციის სხვა ოფიციალური პირებიც სიგნალებს აგზავნიდნენ. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ისრაელ-ჰამასის ომის დროს ანკარას საერთოდ არ დაურეკა.

უკმაყოფილება ორმხრივია. ბოლო წლების განმავლობაში, თურქეთის ხელმძღვანელობა ეჭვის თვალით უყურებს აშშ-ს. თურქეთის მაღალჩინოსნები ღიად აცხადებენ, რომ 2016 წლის ივლისის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის უკან ამერიკა დგას.

ამ ფონზე, ბაიდენი და ერდოღანი აპირებენ პირველ პირისპირ შეხვედრას 14 ივნისს ბრიუსელში, NATO-ს სამიტის ფარგლებში. Რას უნდა ველოდოთ?

ანკარაში მოლოდინები მაღალია. იმედოვნებენ, ერდოღანი შეძლებს ბაიდენის დარწმუნებას, რომ ქვეყნებს აქვთ ორმხრივი სტრატეგიული ინტერესები, რომელიც საუკეთესოდ მიიღწევა პროგნოზირებადი, მეგობრული ურთიერთობების გზით. ამ მხრივ, აშშ-მა უნდა დაიწყოს სადავო საკითხების დარეგულირება.

ამგვარი საკითხები მრავლადაა, მათ შორის თურქეთის მიერ რუსეთისგან S-400 საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემის შეძენა, რაც აშშ-ის პოზიციით, NATO-ს უსაფრთხოებას რისკებს უქმნის. ასევე პრობლემატურია აშშ-ის ურთიერთობა სირიის დემოკრატიულ ძალებთან, რომელიც თურქეთისთვის ქურთულ ტერორისტულ ჯგუფთან არის ასოცირებული. თურქეთის უკმაყოფილებას იწვევს აშშ-ის პასიურობა, პენსილვანიაში მცხოვრები თურქი სასულიერო პირის, ფეტულა გიულენის ექსტრადიციის თაობაზე. აგრეთვე, ნიუ-იორკში სირთულეები ექმნება თურქულ Halkbank-ს, ირანისთვის დაწესებული სანქციების სავარაუდო დარღვევის გამო. ერდოღანი გეგმავს ბაიდენის ჩართვას ფართო მოლაპარაკებებში ყველა ამ მნიშვნელოვან პრობლემასთან დაკავშირებით.

მაგრამ თეთრი სახლი სხვა ტრაექტორიაზეა. ბაიდენის ადმინისტრაციის მთავარი მსოფლმხედველობა ფოკუსირებულია ჩინეთთან და რუსეთთან დაპირისპირებაზე, ხოლო საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი ავტორიტარული რეჟიმების შეკავებაა. ამ პერსპექტივიდან გამომდინარე, თურქეთი აღარ არის აშშ-ს სტრატეგიული გამოწვევების ცენტრში და ამიტომ ანკარის უკმაყოფილებების მოგვარება არ წარმოადგენს ამერიკის პრიორიტეტს.

შემდეგ, საქმე თავად ერდოღანს ეხება. ტრამპთან მისი მჭიდრო ურთიერთობები ეჭვს იწვევს დემოკრატიული ადმინისტრაციის თვალში. უფრო მეტიც, ბაიდენმა, რომელსაც სურს ხელი შეუწყოს დემოკრატიულ თავისუფლებებს აშშ-ში და მის ფარგლებს გარეთ, წარსულში განაცხადა, რომ აპირებს მხარი დაუჭიროს თურქულ ოპოზიციას.

ამ უპერსპექტივო ვითარების მიუხედავად, ორმა პრეზიდენტმა შესაძლოა პროგრესს მიაღწიონ S-400-ის საკითხთან დაკავშირებით, რაც, თავის მხრივ, დაათბობს ორმხრივ ურთიერთობებს.

კონგრესის მიერ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღების შემდეგ აშშ-ის პოზიცია გამკაცრდა, რაც ადგენს, რომ თურქეთს აღარ უნდა ეკუთვნოდეს S-400 სისტემები, სანამ აშშ-ს სანქციები გაუქმდება. ეს ძალიან მაღალი სტანდარტია თურქეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ენერგიულად ცდილობდა S-400-ის შეძენას, რაც ქვეყნის მზარდი ამბიციებისა და სტრატეგიული ავტონომიის ნიშანია.

მაგრამ ანკარას შეუძლია დათანხმდეს ამ პოზიციას იმ დათქმით,რომ ის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებს სისტემას, თუ საფრთხე შეექმნება თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. ინჯირლიკის საჰაერო ბაზაზე S-400-ის დაყენება, რომელსაც აშშ იყენებს, შესაბამისობის კონტროლის საშუალებას იძლევა.

პრობლემატური იქნება ერთობლივი განმარტების შემუშავება ამ გამონაკლის გარემოებებზე, თუ გავითვალისწინებთ თურქეთის წინაშე მდგარი საფრთხეების ბუნებას, რაც მოიცავს ჩვეულებრივ, ისევე როგორც ჰიბრიდულ და ასიმეტრიულ საფრთხეებს, როგორიცაა ტერორიზმი და ახლო სამეზობლოში სახელმწიფოს მარცხი. დიპლომატიის კუთხით, მიმზიდველი იქნებოდა სისტემის გამოყენების მიბმა ატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებში განსაზღვრულ გარემოებებთან. ეს ის შემთხვევებია, როდესაც NATO-ს წევრები შეთანხმდებიან, რომ თურქეთის ტერიტორიული მთლიანობა, ან უსაფრთხოება საფრთხეშია, ან რომ ის შეიარაღებული თავდასხმის ქვეშ იმყოფება. ეს კავშირი მნიშვნელოვნად შეზღუდავს S-400-ის გამოყენების პოტენციურ შემთხვევებს რეალურ და გარდაუვალ საფრთხეებთან.

იმისათვის, რომ ასეთი გარიგება შედგეს, ბაიდენმა უნდა დაარწმუნოს კონგრესი, შესწორებები შეიტანონ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში. სანაცვლოდ, ერდოღანი სრულად უნდა დაეთანხმოს სამომავლო მკაცრ პირობებს, რომლებიც არეგულირებენ S-400 სისტემის გამოყენებას.

ამ საკითხში პროგრესი, ან პროგრესის არარსებობა განსაზღვრავს ორი პრეზიდენტის პირველ შეხვედრას და შესაძლოა, მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობებს მომავალში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სინან ულგენი, თურქული ანალიტიკური ცენტრის EDAM-ის თავმჯდომარე