LIVE

აშშ და ევროკავშირი Covid-19-ის წარმოშობის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ

09 ივნ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 842
აშშ და ევროკავშირი Covid-19-ის წარმოშობის ხელახალ გამოძიებას მოითხოვენ

Bloomberg-ის ინფორმაციით, Covid-19-ის წარმოშობასთან დაკავშირებით, ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების შემდეგ, აშშ და ევროკავშირი ხელახალ გამოძიებას მხარს უჭერენ. 

ქვეყნები იმედოვნებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მათი განცხადება თვის ბოლოს სამიტზე მხარდაჭერილი იქნება. დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მიხედვით, რომელიც შესაძლოა, 15 ივნისს ლიდერების შეხვედრამდე შეიცვალოს, აშშ და ევროკავშირი WHO-ს ექსპერტების მიერ გამჭვირვალე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და დამოუკიდებელ, ჩარევისგან თავისუფალ  გამოძიებას ითხოვენ. 

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, აშშ-მა გამოძიების ინიციატივაზე მხარდაჭერისთვის ევროკავშირს მიმართა, რაზეც თანხმობა მიიღო. 

აშშ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩინეთს გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს, რადგან ჯერ კიდევ არსებობს კითხვები ვირუსის წარმომავლობასთან დაკავშირებით. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს, ახალი გამოძიების წამოწყება ჩინეთთან დაძაბულობის გაღვივების რისკს ქმნის.

წლის დასაწყისში “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსის წარმომავლობა დიდი ალბათობით ბუნებრივი გზაა, თუმცა ეს ვერსია შემდგომ კვლევებს საჭიროებს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ და ევროკავშირი ვალდებულებას იღებენ მომავალში მსგავსი აფეთქებების გამოძიებისთვის ერთობლივად შეიმუშაონ და გამოიყენონ სწრაფი და დამოუკიდებელი მეთოდები.

გასულ თვეს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაავრცელა მოულოდნელი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამერიკის დაზვერვის საზოგადოების აზრი კვლავ არაერთგვაროვანია. ამ განცხადებამ ვირუსის უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსია კვლავ დღის წესრიგში დააყენა. აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი მის ბუნებრივ გავრცელებას ემხრობა, მეორე კი - ლაბორატორიის ვერსიას. ორივე ვერსია ანგარიშში დაბალი და საშუალო რწმუნებითაა წარმოდგენილი. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი და ჯოშ ვინგროვი