LIVE

საბანკო და კერძო სექტორი ლარიზაციის შერბილების საჭიროებაზე საუბრობს

08 ივნ 202116:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1011

საბანკო და კერძო სექტორი ლარიზაციის პოლიტიკის გადახედვის საჭიროებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. დედოლარიზაციის ინსტრუმენტებში ცვლილებების შეტანის საჭიროებას უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილიც ხედავს.

ლარიზაციის პოლიტიკის შემსუბუქების მომხრეები არგუმენტად არსებულ კრიზისულ ვითარებას ასახელებენ და მიაჩნიათ, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტებაზე რეგულაციების შემსუბუქება ახლა გამართლებული იქნება.

როგორც ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ლარიზაციის პოლიტიკას გარკვეული უარყოფითი შედეგები ჰქონდა და აუცილებელია, ამ რეგულაციების ეფექტიანობა შეფასდეს.

„იმ პირობებში, როდესაც კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მაღალი ლიკვიდობა აქვთ, ხოლო ლარის მიმართულებით შედარებით დაბალია ეს მაჩვენებლები, ჩნდება საჭიროება, რომ გადაიხედოს ლარიზაციის პოლიტიკა. დოლარში დაკრედიტების ზრდა არსებულ კრიზისულ ვითარებაში ლარის დასტაბილურებასაც შეუწყობს ხელს. ზოგადად, ფუნდამენტურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს და შევისწავლოთ, რა უარყოფითი გავლენა ჰქონდა დედოლარიზაციის პოლიტიკას ეკონომიკაზე“,- განაცხადა ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, გასულ კვირას ლარიზაციის პოლიტიკის გადახედვის საჭიროებაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილმა, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. დავით სონღულაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს 200 ათას ლარიანი ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ამ დროისთვის უცხოურ ვალუტაში დაკრედიტება აკრძალულია.