LIVE

„მსოფლიო ბანკი“ საქართველოში ვაქცინაციას დამატებით 34.5 მლნ. აშშ დოლარით დააფინანსებს

08 ივნ 202113:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 931
„მსოფლიო ბანკი“ საქართველოში ვაქცინაციას დამატებით 34.5 მლნ. აშშ დოლარით დააფინანსებს

საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამას მნიშვნელოვნად გააძლიერებს 34.5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი დაფინანსება, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. აღნიშნული თანხა დაემატება 2020 წლის მარტში „მსოფლიო ბანკის“ მიერ საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტისათვის  გამოყოფილ 80 მლნ. აშშ დოლარს, რომლის მიზანია საქართველოს დახმარება პანდემიის მიმართ საპასუხო ღონისძიებების განხორციელების და მისი ზემოქმედების შერბილების მიმართულებით.

დღეს დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების ძირითადი ამოცანებია COVID-19-ის ვაქცინების თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საქართველოს ვაქცინაციის სისტემის გაძლიერება ვაქცინის ეფექტური გამოყენების  ხელშესაწყობად, და ასევე, COVID-19-ზე საპასუხო ღონისძიებების განმტკიცება. ამ მხარდაჭერის მეშვეობით, "მსოფლიო ბანკს" წვლილი შეაქვს  საქართველოს მთავრობის გეგმის განხორციელებაში, რაც 2021 წელს მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაციას გულისხმობს.

„მსოფლიო ბანკი“ ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი იყო, რომელმაც საქართველოს კრიზისის დაწყებისთანავე აღმოუჩინა მხარდაჭერა COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის საშუალებით, და ახლა, ამ დამატებითი დაფინანსებით ჩვენ მთავრობას ვაქცინაციის გეგმის რეალიზაციაში დავეხმარებით. პანდემია, უპირველეს ყოვლისა, დიდ ტვირთად დააწვა ქვეყნის ეკონომიკას, მის ხალხს და საწარმოებს, ამდენად, ვაქცინაციის ძლიერი გეგმა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სწრაფი და მდგრადი აღდგენისთვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის“,- აღნიშნა „მსოფლიო ბანკის“ რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

დამატებითი დაფინანსება, ისევე როგორც ძირითადი პროექტი, "მსოფლიო ბანკის" მიერ საქართველოსათვის გაწეული ფინანსური დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს ახლახან ხელმოწერილ ხელშეკრულებას 85 მლნ. ევროს გამოყოფასთან დაკავშირებით, რომლის მიზანია პანდემიით დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების დახმარება. ხოლო მანამდე ბანკმა საქართველოს გამოუყო 45 მლნ. ევროს დაფინანსება „ეკონომიკური მართვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლების განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“, რითაც მთავრობას საბიუჯეტო დახმარება აღმოუჩინა საგადასახადო შემოსავლების მკვეთრი ვარდნისა და ანტიკრიზისული ღონისძიებებისთვის ხარჯების ზრდის პირობებში, რათა შენარჩუნდეს რეფორმების პროგრესი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად.