LIVE

შარლ მიშელი: G7 უფრო აქტიური უნდა იყოს დემოკრატიის დასაცავად

08 ივნ 202114:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 973
შარლ მიშელი: G7 უფრო აქტიური უნდა იყოს დემოკრატიის დასაცავად

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნები უფრო აქტიურები უნდა იყვნენ დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში, რაც ახლა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზეწოლას განიცდის. 

Bloomberg-თან და სხვა საინფორმაციო საშუალებასთან ინტერვიუში, მიშელმა მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, როდესაც დემოკრატიული ფასეულობები საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მათ შორის იანვარში აშშ-ს კაპიტოლიუმის შტურმი, ევროკავშირის ბრძოლა იმისთვის, რომ წევრმა სახელმწიფოებმა პატივი სცენ კანონის უზენაესობას და Ryanair-ის რეისის გატაცება ბელარუსში, რამაც ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის დაპატიმრება გამოიწვია. 

“ეს გვიჩვენებს, რომ ლიბერალური დემოკრატია და ღია საზოგადოებები ზეწოლის ქვეშაა და ემუქრება ახალი რისკები, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეები, კიბერშეტევები, დეზინფორმაცია”,- განაცხადა შარლ მიშელმა.

დემოკრატიული ღირებულებების დაცვა G7-ის წლის სამიტის მთავარი თემაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც პარასკევს სამიტს უმასპინძლებს, მიზნად ისახავს დაარწმუნოს წევრები, აგრეთვე სამიტის სტუმრები - ინდოეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა და სამხრეთ აფრიკა, ხელი მოაწერონ ქარტიას, რომელშიც მოცემული იქნება სხვაობა დემოკრატიულ და არადემოკრატიულ ქვეყნებს შორის.

ლიდერები ასევე განიხილავენ, როგორ უნდა გამოიყენონ დემოკრატიული ღირებულებები გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად. შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ წევრი ქვეყნები სამიტზე უფრო აქტიურ პოზიციებზე ისაუბრებენ.

"დემოკრატიულმა ძალებმა არ უნდა მოახდინონ რეაგირება მხოლოდ მაშინ, როდესაც ზეწოლა მოხდება. უფრო აქტიური სტრატეგიაა საჭირო, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ღირებულებებს ჩვენი ინტერესების დასაცავად”,- განაცხადა შარლ მიშელმა და ხაზი გაუსვა, რომ არ ითხოვს ტოტალურ დაპირისპირებას, მაგრამ სურს, რომ G7-ის ქვეყნები უფრო გონიერები იყვნენ ღირებულებების დაცვის დროს, მათ შორის, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობას.

ორშაბათს შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსაც ესაუბრა. 90-წუთიანი სატელეფონო ზარის დროს მან დაადასტურა ევროპის ურყევი პოზიცია უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და განიხილა ბელარუსის, ლიბიის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საკითხები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევროკავშირისთვის საკმარისი არ არის რუსეთის მიმართ პრინციპების დაფიქსირება, ამ პრინციპების განხორციელება სჭირდება. 

შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ G7-ზე შეთანხმებული საკითხები იქნება მკაფიო სიგნალი, რომელიც თავისთავად ვერ გადაჭრის პრობლემას, მაგრამ ხაზი გაუსვა ძლიერი შეტყობინების მნიშვნელობას.

“გახსოვდეთ, რომ ცივი ომის შემდეგ ბევრ ქვეყანაში ვფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა ლიბერალური დემოკრატიის გამარჯვება, მაგრამ ახლა, ბოლო წლების განმავლობაში ვნახეთ, რომ ეს არ ხდება. გვესმის, რომ უნდა ვიმოქმედოთ და არა მხოლოდ ვირეაგიროთ”,- აღნიშნა მან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალბერტო ნარდელი