LIVE

Euro 2020 - უკრაინის საფეხბურთო ფორმამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია

07 ივნ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 2106
Euro 2020 - უკრაინის საფეხბურთო ფორმამ რუსეთის აღშფოთება გამოიწვია

ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის საფეხბურთო გუნდის ახალმა ფორმამ მოსკოვში აღშფოთება გამოიწვია. Euro 2020-ზე წარმოდგენილი მაისური გაფორმებულია უკრაინის რუკით, მათ შორის ყირიმით და სლოგანით - “დიდება უკრაინას!”, რომელსაც 2014 წელს, მაიდნის მოვლენების დროს მომიტინგეები იყენებდნენ. 

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ანდრეი პაველკო აცხადებს, რომ ”უკრაინის სილუეტი ძალას მისცემს მოთამაშეებს, რადგან ისინი მთელი უკრაინისთვის იბრძვიან”. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ საფეხბურთო მაისური გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ფეხბურთის გუნდმა “უკრაინას რუსეთის ყირიმის ტერიტორია შეუერთა”, რაც “შეუძლებლის ილუზიას” ქმნის. მისი თქმით, ლოზუნგი “დიდება უკრაინას” ნაციონალისტურია და ნაცისტების მოწოდებებს ეხმიანება.

რუსეთის დუმის დეპუტატმა დიმიტრი სვიშჩოვმა საფეხბურთო ფორმას “სრულიად შეუსაბამო” უწოდა და Uefa-სა და ორგანიზატორებს ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

Covid-19-ის გამო გადადებული ტურნირი 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით 11 მასპინძელ ქალაქში ჩატარდება, მათ შორის რუსეთის სანკტ-პეტერბურგში, რომელიც მეოთხედფინალს მასპინძლობს.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია 2014 წელს მოახდინა და საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.