LIVE

Covid-19 ამერიკაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა

03 დეკ 202013:32
3 წუთის საკითხავი
clock clock 316
Covid-19 ამერიკაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფექცია SARS-CoV-2 ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერიდან არსებობს. წითელი ჯვრის კვლევა ადასტურებს, რომ ახალი კორონავირუსი უკვე გლობალურად იყო გავრცელებული, ვიდრე ვირუსის პირველი შემთხვევები ჩინეთმა ოფიციალურად დაადასტურა.

2019 წლის 13 დეკემბრიდან 17 იანვრამდე აღებული 7 389 სისხლის ნიმუში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს გადაეგზავნა კორონავირუსის ანტისხეულების დასადგენად. შედეგად, ამერიკის ცხრა შტატში 106 ინფექცია დაფიქსირდა.

”ანგარიშის დასკვნებიდან ჩანს, რომ SARS-CoV-2 შესაძლოა 2019 წლის დეკემბერში უკვე ფიქსირდებოდა აშშ-ში, ანუ უფრო ადრე, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი”, - ნათქვამია კვლევაში. CDC- ის კვლევა ამყარებს ვარაუდს, რომ კორონავირუსი შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იმაზე ადრე, ვიდრე  ვირუსის შესახებ გახდა ცნობილი, რაც, ასევე, აძლიერებს კითხვებს პანდემიის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

ამავე თეორიას ამყარებს საფრანგეთის მაგალითიც, რომლის მიხედვით დეკემბრის ბოლოს  გრიპის მსგავსი სიმპტომებით საავადმყოფოში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა, რაც ეწინააღმდეგება ოფიციალურ სტატისტიკას, რომლის მიხედვით ქვეყანაში ვირუსი ვუჰანიდან დაბრუნებულმა ადამიანებმა იანვრის ბოლოს ჩაიტანეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ანტისხეულები სხვა კორონავირუსების ნიადაგზე განვითარებულიყო, რადგან 84 ნიმუშს კონკრეტულად  SARS-CoV-2– ის განეიტრალების აქტივობა აღმოაჩნდა.