LIVE

ვიეტნამი Samsung-სა და სხვა კომპანიებს ვაქცინების მოძიებას სთხოვს

01 ივნ 202114:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 531
ვიეტნამი Samsung-სა და სხვა კომპანიებს ვაქცინების მოძიებას სთხოვს
Bloomberg

ვიეტნამის მთავრობა Samsung-სა და სხვა უცხოურ კომპანიებს დასაქმებულებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მოძიებას სთხოვს, რადგან ქვეყანა ვირუსის გაზრდილ შემთხვევებს ებრძვის.

„მთავრობა მოუწოდებს კომპანიებს, მოიძიონ Covid-19-ის ვაქცინები  დასაქმებულთათვის“,- განაცხადა ბუი ჰოანგ მაიმ, ინდუსტრიული პარკის მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა ჩრდილოეთ პროვინციაში ბაკ ნინში, სადაც Samsung-ის სმარტფონების ქარხნები ფუნქციონირებენ. ვიეტნამის პრემიერ-მინისტრმა, ფამ მინ ჩინმა ასევე ადგილობრივ ხელისუფლებებს სთხოვა ვაქცინების მარაგების მოძიება.

ბაქ ნინის ხელისუფლებამ ქარხნებს ისეთი პირობების შექმნისკენ მოუწოდა, სადაც მუშები ადგილზე შეძლებენ ძილს, რათა ინდუსტრიული საქმიანობა გაგრძელდეს ვირუსის შეკავების პირობებშიც.

ახლომდებარე ბაკ გიანგის პროვინციაში, სადაც განთავსებულია Apple-ისა და Samsung-ის მიმწოდებლები, ოფიციალური პირები ქარხნების მუშაობის განახლებაზე მუშაობენ მას შემდეგ, რაც მათი ოპერირება შეაჩერეს ოთხი ინდუსტრიული პარკის დახურვის დროს.

ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინის 200 000 დოზა გაგზავნა ბაკ ნინის და ბაკ გიანგის მუშაკებისთვის.

ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა, ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 1%-მა მიიღო მინიმუმ პირველი დოზა, ხოლო 28,500-ზე მეტ მოქალაქეს სრულად ჩაუტარდა ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიეტნამმა 27 აპრილიდან ვირუსის 4,163 შემთხვევა დაადასტურა და 47 პაციენტი გარდაიცვალა.

ვიეტნამის საავიაციო უწყებამ შეაჩერა ყველა საერთაშორისო ფრენა ჰანოის ნოი ბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით 1 ივნისიდან 7 ივნისის ჩათვლით. ხელისუფლებამ მსგავსი შეზღუდვები გააფართოვა საერთაშორისო ფრენებზე ჰო ჩი მინჰის ტან სონ ნჰატის საერთაშორისო აეროპორტში ათი დღით 14 ივნისამდე.

ვიეტნამმა დეკემბრის დასაწყისში საერთაშორისო კომერციული ფრენების უმეტესობა შეაჩერა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: მაი ნგოკ ჩაუ და ნგუიენ დიენ ულენი