LIVE

ჰონგ-კონგმა ჩინეთის გეგმა მიიღო და ღია არჩევნების პრაქტიკა დაასრულა

27 მაი 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 924
ჰონგ-კონგმა ჩინეთის გეგმა მიიღო და ღია არჩევნების პრაქტიკა დაასრულა
Anthony Wallace/AFP/Getty Images

ჰონგ-კონგის საკანონმდებლო ორგანომ საარჩევნო სისტემის ფართო ცვლილებები ჩინეთის მითითებით დაამტკიცა, რაც მთავრობაში განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობას მკვეთრად ზღუდავს.

საკანონმდებლო საბჭოს დამტკიცებული ცვლილებებით, შეიქმნა სარევიზიო კომიტეტი, რომელიც კანდიდატებს არჩევით თანამდებობებზე შეარჩევს და უზრუნველყოფს მათ “პატრიოტიზმს”. ყველა კანდიდატი უნდა იყოს დამტკიცებული ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების ოფიცრების მიერ, რათა დადგინდეს, აქვთ თუ არა მათ მმართველი კომუნისტური პარტიის “პატივისცემა”.

კანონპროექტი ჩინეთს კანდიდატების თანამდებობაზე დანიშვნის პროცესში ვეტოს უფლებას ანიჭებს. გადაწყვეტილება ასრულებს ჰონგ-კონგში თავისუფალი და ღია არჩევნების პრაქტიკას, რაც ბოლო წლებში დემოკრატიული სისტემის ნგრევის პროცესში ერთგვარ რელიქვიად იქცა.  

"ეს ნაბიჯი აშკარა სიგნალი იყო იმისა, რომ პეკინი შეუწყნარებლობის გზას დაადგა. პეკინმა უარი თქვა ჰონგ-კონგის მართვის არაპირდაპირ გზაზე და ახლა მასზე უფრო ღია და პირდაპირი კონტროლი აქვს",- ამბობს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ჩინეთის პოლიტიკის ასისტენტ-პროფესორი დონგშუ ლიუ.

ინიციატივა ყოველგვარი დისკუსიის გარეშე მიიღეს, რადგან შარშან ჰონგ-კონგის ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობები, ამის შემდეგ მრავალი ყოფილი დეპუტატი სისხლის სამართლის ბრალდებით დააპატიმრეს. საპარლამენტო ორგანოს დარჩენილი დეპუტატების ნახევარზე მეტმა კი მხარი დაუჭირა ამ ღონისძიებას.

შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, იაპონიამ და ევროკავშირმა დაგმეს ჩინეთის ქმედება ჰონგ-კონგში სამოქალაქო თავისუფლებების შემცირების შესახებ. ბაიდენის ადმინისტრაციამ ასევე გააფართოვა სანქციები, რომლებიც მისმა წინამორბედმა ჩინეთის ოფიციალურ პირებზე დააწესა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარი სუ ლინდბერგი