
თუ AstraZeneca Covid-19-ის ვაქცინის დროულად მიწოდებას ვერ შეძლებს, მილიონობით დოლარის ჯარიმის გადახდა მოუწევს. ეს პოზიცია ევროკავშირმა სასამართლოში, დარღვეული პირობების საქმის განხილვის დროს დააფიქსირა.
ევროკომისიის ადვოკატებმა ბრიუსელში გამართულ მოსმენაზე განაცხადეს, რომ ვაქცინების “გასულ წელს შეკვეთილი 300 მილიონი დოზის ვერ მიწოდება რეგიონში ვაქცინაციის პროცესსა და პანდემიის დაძლევის მცდელობებს აზიანებს”.
"კომპანიამ თითოეული ვადაგადაცილებული ვაქცინისთვის დღეში $12 უნდა გადაიხადოს",- განაცხადა ფანი ლოუნმა, ევროკავშირის წარმომადგენელმა.
AstraZeneca-ს ადვოკატის, ჰაკიმ ბულარბახის მტკიცებით, კომპანიამ ევროკავშირს ნათლად განუცხადა, რომ ყველაფერს აკეთებს გაურკვეველ გარემოში ახალი ვაქცინების სწრაფად წარმოებისთვის. “AstraZeneca-მ შეასრულა და პატივს სცემს ამ ვალდებულებას". ადვოკატის მტკიცებით, კომპანიამ გააფრთხილა ევროკავშირი, რომ მომარაგების ჯაჭვში პრიორიტეტი დიდ ბრიტანეთს ენიჭებოდა.
წამლის მწარმოებელი ასევე ამტკიცებდა, რომ ხელშეკრულებაში შედიოდა პუნქტი, რომლის თანახმად, კომპანია პასუხს არ აგებს შეფერხებისთვის.
ევროკავშირთან მიწოდების ხელშეკრულება ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც AstraZeneca-მ პირველ კვარტალში დაგეგმილი 120 მილიონი დოზის ნაცვლად მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა ბლოკს. კომპანიამ მიზეზად ევროპულ ქარხნებში ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეები დაასახელა.
სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ მიიღებს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიოფ უაიტი