LIVE

ევროკავშირი AstraZeneca-სგან ვაქცინის მიწოდებას სასამართლოს გზით ითხოვს

26 მაი 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1167
ევროკავშირი AstraZeneca-სგან ვაქცინის მიწოდებას სასამართლოს გზით ითხოვს
Dimas Ardian/Bloomberg

ევროკავშირი AstraZeneca-ს Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით მომარაგების ვალდებულების “შეუსრულებლობის” გამო უპირისპირდება. ბლოკი მილიონობით დოზის მიწოდებას ითხოვს და ამტკიცებს, რომ კომპანიამ პირობები დაარღვია.  

ევროკავშირს სურს, სასამართლოს გზით აიძულოს AstraZeneca, ივნისის ბოლოსთვის მიაწოდოს დამატებით 90 მილიონი დოზა, 20 მილიონით მეტი, ვიდრე ამ თარიღისთვის არის გათვალისწინებული. ევროკავშირი ასევე ითხოვს 180 მილიონი დოზის მიღებას სექტემბრის ბოლოსთვის, რათა სრულად შესრულდეს 300 მილიონი დოზის მიწოდების შესახებ კონტრაქტი.

”AstraZeneca-ს არც კი უცდია მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენება”,- განაცხადა ევროკომისიის ადვოკატმა რაფაელ ჯაფერალიმ ოთხშაბათს ბრიუსელში გამართულ სასამართლო მოსმენაზე.

ევროკავშირთან მიწოდების ხელშეკრულება ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც AstraZeneca-მ პირველ კვარტალში დაგეგმილი 120 მილიონი დოზის ნაცვლად მხოლოდ 30 მილიონი დოზა მიაწოდა ბლოკს. კომპანიამ მიზეზად ევროპულ ქარხნებში ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეები დაასახელა. 

მომარაგების დავის გარდა, დაპირისპირება გამოიწვია ევროპაში სისხლის შედედების სავარაუდო გვერდითი მოვლენების შემთხვევებმა, რის გამოც ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში მისი გამოყენება შეზღუდა.

AstraZeneca-მ აპრილში განაცხადა, რომ სრულად შეასრულა ხელშეკრულების პირობები და “ნებისმიერი სამართლებრივი პროცედურა უსაფუძვლოა”. ადვოკატები კოლეგიის არგუმენტებს ოთხშაბათს უპასუხებენ.

ბელგიის  სასამართლო წლის ბოლოს შეისწავლის, დაარღვია თუ არა მწარმოებელმა ხელშეკრულების პირობები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: აიოფ უაიტი