
11 დღიანი საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა და ღაზას სექტორის დახმარების პირობა დადო.
ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ბლინკენმა განაცხადა, რომ პალესტინას ჰამასის გვერდის ავლით დაეხმარება. დაჯგუფება, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს და ევროკავშირისა და მოკავშირეების მხრიდან “ტერორისტებად” მოიხსენიება, “არ ისარგებლებს” იზოლირებული ანკლავის დახმარებით.
ბლინკენმა დაადასტურა აშშ-ს ერთგულება ისრაელის თავდაცვის უფლებისადმი და დასძინა, რომ მუშაობს ისრაელის რკინის გუმბათის სარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაძლებლობების გასაზრდელად.
ენტონი ბლინკენმა ისრაელში ვიზიტის დროს ნათლად აღნიშნა, რომ აშშ-ის მიზანია ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა, პალესტინელების დახმარება და სიმშვიდის აღდგენა.
მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეებს სინქრონიზებული პოზიცია ჰქონდათ პალესტინელებთან დაკავშირებით, მათ შორის დისტანციას ზრდიდა დამოკიდებულება ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესახებ, აშშ შეთანხმების განახლებას ემხრობა, ხოლო ისრაელი ისლამურ სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების პრობლემად მიიჩნევს და სანქციების მოხსნის წინააღმდეგია.
"2015 წლის ბირთვული შეთანხმებით, ირანს კარი ეხსნება ბირთვული იარაღის არსენალის საერთაშორისო ლეგიტიმაციით წარმოებისთვის”,- განაცხადა ნეთანიაჰუმ. საპასუხოდ, სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ “მჭიდროდ ითანამშრომლებს ისრაელთან” და “გააგრძელებს თანამშრომლობას რეგიონში ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების წინააღმდეგ”.
ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენი დასავლეთ სანაპიროს ქალაქ რამალაში ჩავა და პალესტინის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება. ამის შემდეგ სახელმწიფო მდივანი კაიროსა და ამანში გაემგზავრება და ეგვიპტის პრეზიდენტსა და იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიქ უადამსი