LIVE

სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე საქართველოს მთავრობა IMF-ის რეკომენდაციებს ელის

24 მაი 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1011

მთავრობა წელს რამდენიმე მსხვილი საწარმოს რეფორმის პროცესის დაწყებას გეგმავს. ამ ეტაპზე, მთავრობა რეფორმასთან დაკავშირებით "საერთაშორისო სავალუტო ფონდის" (IMF) დასკვნას ელის.

როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა, სწორედ ფონდის რეკომენდაციის მიღების შემდეგ გადაწყდება, რომელ საწარმოებს შეეხება საწყის ეტაპზე რეფორმა და როგორ უნდა წარიმართოს პროცესი.

როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, რეფორმა საკმაოდ გრძელვადიანია და მისი საბოლოო მიზანი ერთი მხრივ, სახელმწიფო კომპანიებში კორპორატიული მართვის პრინციპების დანერგვა, ხოლო მეორე მხრივ, მათი მომგებიან ორგანიზაციებად ჩამოყალიბებაა.

„სავალუტოს ფონდის რეკომენდაციების მიხედვით გადაწყდება, პირველ რიგში, რომელ საწარმოებში დაიწყება რეფორმა. შესაძლოა, ერთდროულად სამ საწარმოშიც დავიწყოთ ეს პროცესი. საუბარია მსხვილ სახელმწიფო კომპანიებზე. რეფორმის ძირითადი მიზანია, რომ საწარმოების სამეთვალყურეო საბჭო დამოუკიდებელი იყოს და ასევე კომპანიები მაქსიმალურად მოგებაზე იყვნენ ორიენტირებულები“,- განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის რეფორმა უკვე დაწყებულია სახელმწიფო ელექტროსისტემაში, ასევე ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა რეფორმის დაწყებას გეგმავს საქართველოს ფოსტაშიც. ამასთან, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭომ შესაბამისი სტრატეგია 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შეიმუშაოს.