LIVE

ჩინეთი აშშ-ს Covid-19-ის წარმოშობაზე ყალბი თეორიის გავრცელებაში ადანაშაულებს

24 მაი 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 628
ჩინეთი აშშ-ს Covid-19-ის წარმოშობაზე ყალბი თეორიის გავრცელებაში ადანაშაულებს
CNN

ჩინეთმა აშშ დაადანაშაულა თეორიების გავრცელებაში, თითქოს კორონავირუსი ვუჰანის მაღალი უსაფრთხოების ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამგვარი პოზიციის ხელახალ გაჟღერებას ხელი შეუწყო ცნობებმა, ლაბორატორიაში მომუშავე პერსონალის ავადმყოფობის შესახებ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჟაო ლიჯიანმა უარყო ინფორმაცია სამი ადამიანის დაავადებასთან დაკავშირებით. საუბარია Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ვუჰანის ლაბორატორიაში მომუშავე სამი მეცნიერი 2019 წლის ნოემბერში უცნობი ვირუსით დაავადდა და საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

დაწესებულებამ მანამდეც უარყო ვარაუდები თანამშრომელთა ავადმყოფობის შესახებ, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იანვარში გამოქვეყნებული ანალიტიკური მასალა, სადაც ნათქვამია, რომ ინსტიტუტის რამდენიმე მკვლევარი დაავადდა 2019 წლის შემოდგომაზე. ჟაოს თქმით, აშშ მაქსიმალურად აბუქებს ლაბორატორიიდან კორონავირუსის გაჟონვის თეორიას.

ჩინეთი ცდილობდა ჩარჩოებში მოექცია შეთქმულების თეორიები, რომლებიც შექმნილია აშშ-ს მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი ქმედებებიდან ყურადღების გადასატანად. საპასუხო პრეტენზიაში, ჩინეთის მხარემ განაცხადა, უნდა ჩატარდეს მოკვლევა აშშ-ის მერილენდის შტატში მდებარე სამხედრო ბაზაზე. 

„არსებობს ეჭვები, მერილენდის სამხედრო ბაზის საქმიანობასა და აშშ-ის მიერ მართულ 200-ზე მეტ ბიოლოგიურ ლაბორატორიასთან დაკავშირებით. აშშ მუდმივად ავრცელებდა ვუჰანის ლაბორატორიიდან ვირუსის გაჟონვის თეორიას, მაგრამ საკითხავია, ნამდვილად ადარდებთ ვირუსის წარმოშობის გარკვევა, თუ ყურადღების გადატანას ცდილობენ? ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ს შესაბამისი უწყებები შეძლებენ განმარტებების გაკეთებას და მსოფლიოს მკაფიო პასუხს გასცემენ”,- განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" მიერ ჩინეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კორონავირუსი „ნაკლებად სავარაუდოა" ლაბორატორიიდან გავრცელებულიყო, მეცნიერებმა მეტი მონაცემები მოითხოვეს.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა გამოძიების შემდეგ განაცხადა, რომ ის ადეკვატურად არ აანალიზებს ლაბორატორიული უბედური შემთხვევის ალბათობას და დასძინა, რომ მზადაა დამატებითი რესურსები გამოყოს შემდგომი გამოკვლევებისთვის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის მიხედვით