LIVE

აშშ-ში Covid-19-თან ასოცირებული ანთებითი სინდრომი 4000-მდე ბავშვს დაუდგინდა

25 მაი 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 753
აშშ-ში Covid-19-თან ასოცირებული ანთებითი სინდრომი 4000-მდე ბავშვს დაუდგინდა

პანდემიის დაწყებიდან უკანასკნელ დღეებამდე ტეხასის ბავშვთა საავადმყოფომ მიიღო 150-ზე მეტი ბავშვი, რომელსაც Covid-19-თან დაკავშირებული იშვიათი და ზოგჯერ სასიცოცხლო რისკის შემცველი მულტისისტემური ანთებითი სინდრომი (MIS-C) ჰქონდა.

“თუ ჩვენს საავადმყოფოს 150-ზე მეტი შემთხვევა ჰქონდა, ცხადია, MIS-C-ის შემთხვევები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება”,- ამბობს ტეხასის ბავშვთა საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის სამსახურის უფროსი ლარა შეკერდემიანი. 

მისი თქმით, საავადმყოფოში ამ სინდრომით მოხვედრილი ბავშვებიდან დაახლოებით სამ მეოთხედს, ინტენსიური თერაპია დასჭირდა.

CDC-ი აცხადებს, რომ პანდემიის დაწყებიდან აშშ-ში MIS-C-ის დიაგნოზი 3 742 ბავშვს დაუდგინდა. თუმცა შესაძლოა, ეს რიცხვი რეალობას ზუსტად არ ასახავდეს. 

CDC-ს თანახმად, MIS-C-ს შემთხვევების უმეტესობა 5-14 წლის ბავშვებზე მოდის და საშუალო ასაკად 9 წელი მიიჩნევა.

აშშ-ში Covid-19-ის შემთხვევები იკლებს, მაგრამ სახიფათო ანთებითი სინდრომის შესახებ ზუსტი ცნობები ნათელი არ არის. მასთან დაკავშირებული მონაცემები ყოველთვიურად ახლდება და მაინც შეინიშნება მნიშვნელოვანი ჩამორჩენა.

დაგვიანების მიზეზი კი ისაა, რომ ექიმებს სინდრომის დასადგენად დრო სჭირდებათ. გარდა ამისა, შეტყობინების ნებაყოფლობითი სისტემა ეყრდნობა გადატვირთული საავადმყოფოებისა და დეპარტამენტების მონაცემებს, რომლებიც მონაცემებს ხშირად დაგვიანებით აგზავნიან. 

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი პირველად 2020 წლის გაზაფხულზე  დაფიქსირდა ბავშვებში, რომლებსაც ჯანმრთელობის თანმხლები დაავადებები არ ჰქონდათ. თავიდან ექიმებს ის ეგონათ კავასაკის დაავადება, რომელიც ვენების ანთებას იწვევს. თუმცა, ბავშვებს ლაბორატორიულად Covid-19 დაუდასტურდათ. 

MIS-C ბავშვების სხეულში ანთებითი მოვლენების განვითარებას იწვევს. ახასიათებს სიმპტომების დრამატული გამწვავება. CDC-ის თანახმად, ის ყველაზე ინტენსიურად ვნებს გულს, ფილტვებს, თავის ტვინსა და კუჭ-ნაწლავის სისტემას. 

"თითქოს მათში ბომბია, მათი იმუნური სისტემის ყველა ნაწილი ფეთქდება. ეს ყველასთვის სიახლეა და შესაძლოა, მხოლოდ აისბერგის წვერს ვხედავთ",- ამბობს ოჰაიოს Nationwide Children’s Hospital-ის ექიმი, გულიზ ერდემი.

MIS-C-ის მქონე ბავშვები მკურნალობას ადვილად ემორჩილებიან და მათი უმრავლესობა სრულად გამოჯანმრთელდა, თუმცა მისი გრძელვადიანი ეფექტი უცნობია. CDC-ის ინფორმაციით, აშშ-ში MIS-C-ის შედეგად, გარდაცვალების 35 შემთხვევა ფიქსირდება.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანა ედნი და რაილი გრიფინი