LIVE

Pfizer და Moderna ღარიბ ქვეყნებს უფრო მეტ ვაქცინებს პირდებიან

21 მაი 202122:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 905
Pfizer და Moderna ღარიბ ქვეყნებს უფრო მეტ ვაქცინებს პირდებიან

Pfizer, Moderna და Covid-19-ის ვაქცინების სხვა მწარმოებლები პირობას დებენ, რომ მომავალ 18 თვეში ღარიბ ქვეყნებს მეტ დოზებს მიაწვდიან. 

მწარმოებლებმა ეს პირობა დიდი 20-იანის სამიტზე დადეს, სადაც ქვეყნების ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ ვირუსის დასაძლევად და მომავალი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად პრიორიტეტს მულტილატერალიზმს მიანიჭებენ.

“Covid-19-ის პანდემიამ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა ნათლად გვაჩვენა”,- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ, რომლის ქვეყანაც G-20-ის პრეზიდენტია.

2022 წელს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის Pfizer-ის 1 მილიარდი დოზაა გათვალისწინებული. მიწოდების ზრდას გეგმავს Moderna, ხოლო J&J აცხადებს, რომ 2022 წელს 300 მილიონი დოზის მიწოდებას გეგმავს.

“ჩვენ არ ვიქნებით უსაფრთხოდ, სანამ ყველას არ დავიცავთ მთელს მსოფლიოში”,- განაცხადა Moderna-ს გენერალურმა დირექტორმა, შტეფან ბანსელმა.

აღსანიშნავია, რომ AstraZeneca იყო პირველი კომპანია, რომელიც გასულ წელს Covax პროგრამაში მონაწილეობის მიღებას დათანხმდა და პანდემიის დროს ვაქცინის მიწოდებას თვითღირებულებით გათვალისწინებული ფასით უზრუნველყოფს.

ლიდერებმა ხელი უნდა მოაწერონ რომის ე.წ. დეკლარაციას, სახელმძღვანელო პრინციპებს, დაწყებული ვაქცინების სამართლიანი განაწილების უზრუნველყოფით, დამთავრებული პროდუქციის წარმოებამდე და შესაძლოა, სავალდებულო ლიცენზიების გამოყენებით.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ევროკავშირი მიზნად ისახავს მინიმუმ 100 მილიონი დოზის მიწოდებას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის 2021 წლის ბოლოსთვის. მისი თქმით, ვაქცინებმა “ყველასთან და ყველგან უნდა მიაღწიონ, არა მხოლოდ გაზიარებით და ექსპორტით, არამედ სხვა რეგიონებში წარმოების შესაძლებლობების გაფართოებით”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფერგალ ო'ბრიენი