LIVE

უძრავი ქონების ბაზარზე რეალიზაცია იზრდება

21 მაი 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 669

უძრავი ქონების ბაზარზე საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია იზრდება. Colliers Georgia-ს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში თბილისში საცხოვრებელი ბინების 3 103 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 18%-ით მეტია.

ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება 2020 წლის მონაცემებსაც, გასული წლის აპრილში თბილისში მხოლოდ 204 ბინა გაიყიდა.

ტრანზაქციების რაოდენობა გაზრდილია ბათუმშიც. 2021 წლის აპრილში ბათუმში 930 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 17%-ით მეტია.

მიუხედავად გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა, უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილის მოლოდინები ნეგატიურია და მომავალში გაყიდვების კლებას ელიან. როგორც „ბიზნეს ფორმულას“ მენაშენეთა ასოციაციაში განუცხადეს, აპრილში დაფიქსირებული ზრდა ძირითადად გადავადებულ მოთხოვნას უკავშირდება და მომდევნო თვეებში გაყიდვების კლებაცაა მოსალოდნელი.

„მოქალაქეების იმ კატეგორიამ, რომელსაც ბინების შეძენა აქამდეც სურდა და არსებული შეზღუდვებისა და ეპიდვითარების გამო თავს იკავებდა, როგორც ჩანს, ახლა გადაწყვიტა უძრავი ქონების შეძენა, როდესაც შედარებით უკეთესი ვითარებაა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზრდის ტემპი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან დარგში კვლავ რთული ვითარებაა. ერთი მხრივ, მცირდება მშენებლობების რაოდენობა, მეორე მხრივ კი ინვესტიციები ფაქტობრივად განულებულია“,- განაცხადა მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი როსტომაშვილმა.

რაც შეეხება პირველ კვარტალს, თბილისში პირველ სამ თვეში სულ 7 738 ბინა გაიყიდა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2020 წლის პირველ კვარტალში 7 460 იყო, ხოლო 2019 წელს 7 299.