LIVE

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის “ასოცირებულ ტრიოს” ქმნიან

17 მაი 202118:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 1366
საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროინტეგრაციისთვის “ასოცირებულ ტრიოს” ქმნიან
საგარეო საქმეთა სამინისტრო

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრმა აურელიუ ციოკოიმ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროინტეგრაციის მიზნით გაფართოებული მუშაობის დაწყების შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმზე ხელმომწერი ქვეყნები "ასოცირებულ ტრიოს" ქმნიან. 

“ჩვენ ყველამ გავაკეთეთ ევროპული არჩევანი, გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება და რა თქმა უნდა, გვსურს მომავალში გავხდეთ ევროკავშირის წევრები. დღეს ჩვენ შევთანხმდით ამ სტატუსის ოფიციალურ ფორმატზე და ერთად ვაგრძელებთ სვლას ევროინტეგრაციის გზაზე”,- განაცხადა მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მემორანდუმის ხელმოწერა განსაზღვრავს სამი ქვეყნის საერთო დღის წესრიგს, ევროპული პერსპექტივების რეალიზების სურვილსა და წევრობის ამბიციებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ასოცირებული ტრიო ითანამშრომლებს ევროინტეგრაციის საერთო ინტერესების საკითხებზე, მათ შორის ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების მიზნით. სამი ქვეყანა ერთობლივად იმუშავებს ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით. 

მემორანდუმის საფუძველზე დაფუძნებული ასოცირებული ტრიოს ფორმატი ითვალისწინებს რეგულარულ და საგანგებო სამმხრივ კონსულტაციებს, საგარეო საქმეთა სამინისტროებში შესაბამისი კოორდინატორების დანიშვნას, ასევე  მაღალი რანგის ოფიციალური პირებისა და საჭიროებისამებრ, მინისტრების დონეზე შეხვედრებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში მნიშვნელოვანი  ღონისძიებების წინ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დიალოგის ერთობლივი პლატფორმების ჩამოყალიბებას და სხვადასხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზებას.