LIVE

Sanofi-სა & GSK-ის ვაქცინის განმეორებითი კვლევა დამაიმედებელია

18 მაი 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 573
Sanofi-სა & GSK-ის ვაქცინის განმეორებითი კვლევა დამაიმედებელია
Eric Piermont/AFP/Getty Images Prognosis

პარტნიორი ფარმაცევტული კომპანიების Sanofi-სა და GlaxoSmithKline-ს Covid-19-ის ვაქცინის განმეორებითი კვლევის შუალედური შედეგები დადებითია. შესაძლოა, მათი ვაქცინის გამოყენება წლის ბოლომდე დაიწყოს.  

კომპანიების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვლევის მონაწილეებმა აცრის შედეგად გამოიმუშავეს ზუსტად იმ ოდენობის ანტისხეულები, რამდენსაც ადამიანის ორგანიზმი კორონავირუსის გადატანის შემდეგ გამოიმუშავებს.

ორმა მსხვილმა და გამოცდილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ -  ფრანგულმა Sanofi-მ და ბრიტანულმა GlaxoSmithKline-მ გასული წლის დეკემბერში განაცხადეს, რომ კლინიკური კვლევები წარმატებული არ აღმოჩნდა. შედეგად, კვლევა შეაჩერეს, ვაქცინის ფორმულა შეცვალეს და ახალი კვლევა დაიწყეს.

ახალ კვლევაში, რომელიც აშშ-სა და ჰონდურასში ჩატარდა, 722 სრულწლოვანი ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის ყველაზე უფროსი 95 წლისაა. მონაწილეებს ვაქცინის სამი განსხვავებული დოზა სამი კვირის ინტერვალით გაუკეთეს და შეაფასეს. კვლევის შედეგად, ვაქცინამ 60 წლამდე პირებში უკეთესი შედეგი აჩვენა. 

ვაქცინა ახლა კვლევის ფინალურ ფაზაზე გადადის. ამ ეტაპზე მასში სხვადასხვა ქვეყნიდან 35 000-ზე მეტი მოხალისე ჩაერთვება. კომპანიები ვაქცინის ეფექტიანობის გამოცდას კორონავირუსის რამდენიმე შტამის, მათ შორის, სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ გეგმავენ. 

მას შემდეგ, რაც გასულ წელს კვლევა შეფერხდა, კომპანიები ვაქცინების სხვა მწარმოებლებს საკუთარი პრეპარატების შექმნაში დაეხმარნენ. GlaxoSmithKline გერმანულ CureVac–ს mRNA ვაქცინის 100 მილიონი დოზის წარმოებაში ეხმარება, ხოლო Sanofi მხარს უჭერს Moderna-ს, Pfizer-ისა და Johnson & Johnson-ის წარმოებას. 

Sanofi ასევე მუშაობს მეორე ვაქცინაზე, რომელიც mRNA ტექნოლოგიას ემყარება. ვაქცინის კვლევის წინასწარი შედეგები, სავარაუდოდ, მესამე კვარტალში გამოქვეყნდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სუზი რინგი