
12 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და იმ სამთავრობო პოლიტიკას აშუქებს, რომელიც ხელს უშლის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისა და ინდივიდუალური წარმომადგენლების რელიგიურ რწმენას და მათ საქმიანობას. ანგარიში 2020 წლის მოვლენებს ასახავს.
ანგარიშის მიხედვით, Covid-19 პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო, მკვეთრად იკლო რელიგიური მოტივებით ჩადენილმა დანაშაულებებმა. 2020 წელს, საქართველოს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა, რელიგიურად მოტივირებული 22 საქმე გამოიძიეს, ხოლო 2019 წელს 44 საქმე აღიძრა. ანალოგიური ტენდენცია ეხება სახალხო დამცველის აპარატსაც, სადაც 2020 წელს მხოლოდ 7 საჩივარი შევიდა, საინდანაც 2 ძალადობას ეხებოდა, ხოლო 2019 წელს 19 საჩივარი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც ქართულ მედიაში რელიგიურ თემაზე გაკეთებული 20 არატოლერანტული განცხადება გამოავლინა, რაც 2019 წელთან შედარებით 35-ით ნაკლებია. სახალხო დამცველის აპარატზე და რელიგიურ ჯგუფებზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას (სმე) და ქვეყნის ღირებულებებს საფთხეს უქმნიან“.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტოს არ დაურეგისტრირებია არც ერთ ახალი რელიგიური ჯგუფი. პარლამენტმა არ მიიღო კანონმდებლობა, რათა აღსრულებულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ეძლევა ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები. ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი მხარს უჭერდნენ კანონმდებლობას, რომელიც შეეხებოდა რელიგიურ საკითხთა ფართო სპექტრს, ხოლო სხვები შეშფოთებას გამოხატავდნენ ასეთი კანონის შესაძლო გავლენის შესახებ მცირე ჯგუფებზე. ანგარიშის თანახმად, რელიგიურმა ლიდერებმა გააკრიტიკეს პარლამენტი, მაისში შეტანილი ცვლილებების გამო, რომელიც მხოლოდ სმე-ს ანიჭებს საკუთრების უფლებებს ეკლესიებისა და მონასტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო ტყეებზე.
სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სომხურ სამოციქულო ეკლესიას, ევანგელურ ლუთერანულ ეკლესიას, კათოლიკურ ეკლესიას და ზოგიერთ ისლამურ ჯგუფს მთავრობის მხრიდან სირთულეები ექმნებათ რელიგიურ ქონებაზე საკუთრების მოპოვების კუთხით. მუსლიმი თემის წარმომადგენლების განცხადებით, მეჩეთებთან და მათ მშენებლობასთან დაკავშირებით სამთავრობო გადაწყვეტილებები გაუმჭვირვალო იყო. ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების გავლენა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე კვლავ გრძელდება.
ანგრარიშში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიცია, რომ საჯარო სკოლებში მიკერძოებული დამოკიდებულებაა ქართული მართლმადიდებლური სწავლებების მიმართ, თუმცა მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ამ მიმართულებით და ადამიანის უფლებათა ჯგუფები ჩაერთვნენ სახელმძღვანელოების შერჩევის პროცესში.
ანგარიშში რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოხუმსა და ცხინვალში აკრძალულია იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს სმე-ც და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიაც ქართული ეკლესიის კუთვნილებად მიიჩნევს, თუმცა სეპარატისტული მთავრობები ყოველმხრივ ზღუდავენ ღვთისმსახურების ჩატარებას ქართველი მღვდელთმსახურების მიერ. ამ პროცესს ფარულად და არაოფიციალურად ხელს უწყობს რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. აფხაზეთში მოღვაწე ზოგიერთი რელიგიური პირი აგრძელებს იმ ტერიტორიაზე ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის დაარსების ადვოკატირებას, ან რუსეთის ეკლესიასთან შერწყმის მცდელობებს.
საქართველოში აშშ-ის საელჩო რეგულარულ შეხვედრებს მართავს მაღალი თანამდებობის სამთავრობო პირებთან, მათ შორის რელიგიურ საქმეთა სახელმწიფო სააგენტოსთან, სახალხო დამცველთან, პრემიერის მრჩეველთან ადამიანის უფლებათა საკითხებში და სხვადასხვა სამინისტროსთან, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს და ტოლერანტობას მთავრობასა და უმცირესობათა რელიგიურ ჯგუფებს შორის. 2020 წლის ნოემბერში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, ილია მეორესთან, სადაც განიხილეს რელიგიის თავისუფლების დაცვის საკითხები.