LIVE

ტურისტები საქართველოში დაგეგმილ ტურებს აუქმებენ

14 მაი 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1063

ისრაელში შექმნილი საომარი მდგომარეობის გამო, ისრაელის ტურისტული ჯგუფები საქართველოში დაგეგმილ ვიზიტებს აუქმებენ. საქართველოში გაუარესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით კი, დაგეგმილი ტურები უქმდება ევროპის ქვეყნებიდანაც.

„თუ წინა წლებში, დღეში რამდენიმე ჯგუფი შემოდიოდა, ახლა ეს მაჩვენებელი კვირის განმავლობაშიც არ გვაქვს. ჯგუფებშიც აღარ არის იმ რაოდენობის ტურისტი. თუ ადრე 50 კაციანი ჯგუფები შემოდიოდა, ახლა 4-6-კაციან ჯგუფებს ვიღებთ. ისრაელის ტურისტული ჯგუფების იმედი გვქონდა, თუმცა იქ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ახლა ამასაც აღარ ველით. ევროპაც მაინცდამაინც არ მიისწრაფის საქართველოსკენ, რადგან წითელ ზონად ვართ გამოცხადებული“,- განაცხადა „ჩექ-ინ თრეველის“ გენერალურმა დირექტორმა, ია გედევანიშვილმა.

აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 76 000-მდე ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც, გასულ წელთან შედარებით, 182%-იანი ზრდაა, თუმცა 2019 წელთან შედარებით, 273%-იანი კლება. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს, სახმელეთო საზღვრების გახსნისა და რეგულაციების შემსუბუქების გარეშე, პოზიტიური მოლოდინი არც ზაფხულის სეზონისთვის აქვთ.