LIVE

აშშ-მა ჩინეთის ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

13 მაი 202116:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 545
აშშ-მა ჩინეთის ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა
wikimedia

ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა ჩინეთის ოფიციალურ პირს ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დააწესა ჩუგდუს რეგიონის ყოფილი ჩინოვნიკის, ისევე როგორც მისი ოჯახის მიმართ, ფალუნ გონგის სექტის დევნის გამო, რომელსაც პეკინი კულტად მიიჩნევს. სანქციის დაწესებასთან ერთად, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში რელიგიური თავისუფლების მდგომარეობის შესახებ.

მოხსენებაში გაკრიტიკებულია ჩინეთის სინძიანის რეგიონში მუსლიმი უიღურების დევნის და მათი უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები.

”აბსოლუტურად გასაგებია, თუ რა საშინელება ხდება სინძიანში. ვხედავთ, რომ ეს არის ხალხის, ისტორიის, კულტურის წაშლის მცდელობა”,- განაცხადა დენიელ ნადელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების ოფისის ხელმძღვანელმა.

ჩინეთი მტკივნეულად ღებულობს მისი პოლიტიკის კრიტიკას სინძიანის მიმართ და შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევს. პეკინი აცხადებს, რომ ამ რეგიონში ტერორიზმს ებრძვის, ხოლო რეგიონში მოზარდებს ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ბავშვებს განათლებას სთავაზობს.

”ე.წ. მოხსენებაში იგნორირებულია ფაქტები და სავსეა იდეური მიკერძოებებით. ეს ცილის სწამებს ჩინეთის რელიგიურ პოლიტიკას და ავრცელებს ცრუ ინფორმაციას სინძიანის საკითხებზე",- თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა ჰუა ჩუნინგმა.

მისი თქმით, უიღური მუსლიმები სარგებლობენ რელიგიური რწმენის სრული თავისუფლებით და ჩინეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის სანქციებს მის მოქალაქეების წინააღმდეგ.

12 მაისს, გაერომ, ცალკე გამართა ღონისძიება, რათა ყურადღება გაემახვილებინა უიღურთა სავალალო მდგომარეობაზე. გაეროში აშშ-ის ელჩმა, ლინდა ტომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ აშშ გააგრძელებს ამ საკითხზე აქცენტირებას, რომელსაც მან ”გენოციდი” უწოდა.

”ჩვენ მანამ ვილაპარაკებთ, ვიდრე ჩინეთის მთავრობა არ შეწყვეტს დანაშაულებს კაცობრიობის წინააღმდეგ და უიღურებისა და სხვა უმცირესობების გენოციდს სინძიანში. გავაგრძელებთ თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, სანამ ჩინეთის მთავრობა პატივს არ სცემს ყველა მისი მოქალაქის უნივერსალურ უფლებებს”,- განაცხადა ტომას-გრინფილდმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნიქ ვადამსი