LIVE

ომი ისრაელში - ყველაფერი დაპირისპირების ისტორიის შესახებ

13 მაი 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 8783
ომი ისრაელში - ყველაფერი დაპირისპირების ისტორიის შესახებ
Getty Images

ათეულობით დაღუპული და ასეულობით დაშავებული - ისრაელ-პალესტინის დაპირისპირება ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზეა. 

უკანასკნელი შეიარაღებული დაპირისპირება ერთთვიანი დაძაბულობის შედეგია, თუმცა ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი ათეულობით წელია მიმდინარეობს.

როგორ დაიწყო დაპირისპირება - 100 წლიანი გამოწვევა

კონფლიქტის ისტორია ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომიდან იღებს სათავეს, როცა ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ, დღეს პალესტინად ცნობილ ტერიტორიაზე კონტროლი დიდმა ბრიტანეთმა აიღო. მცხოვრებთა უმრავლესობას არაბები შეადგენდნენ, ხოლო ებრაელები უმცირესობაში იყვნენ. 

Bethlehem in the early 20th century

ორ ხალხს შორის დაძაბულობა მაშინ დაიწყო, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებამ ბრიტანეთს დაავალა, ებრაელი ხალხისთვის პალესტინაში “ეროვნული სახლი” შეექმნა. ებრაელებისათვის ეს წინაპრების სახლი იყო, მაგრამ პალესტინელი არაბები მოითხოვდნენ მიწაზე უფლებებს და ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგებოდნენ.

1920-იანი და 1940-იანი წლების შუალედში ებრაელების რაოდენობა გაიზარდა, მრავალი მათგანი ევროპიდან დევნას გაექცა და მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ამის შემდეგ ძალადობამ იმატა ებრაელებსა და არაბებს შორის. ასევე, გამწვავდა ბრძოლა ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ.

1947 წელს გაერომ ხმა მისცა პალესტინის ცალკეულ ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად დაყოფას, იერუსალიმი საერთაშორისო ქალაქი გახდა. ეს გეგმა მიიღეს ებრაელმა ლიდერებმა, მაგრამ არაბულმა მხარემ უარყო და მისი რეალიზება შეუძლებელი გახდა. 

ისრაელის სახელმწიფოს შექმნა 

1948 წელს ბრიტანეთმა ტერიტორიის მმართველობა დატოვა და ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ განაცხადეს. პალესტინელები ამ გადაწყვეტილებას დაუპირისპირდნენ. მათ მხარი მეზობელმა არაბულმა ქვეყნებმა დაუჭირეს და ტერიტორიაზე მათი ჯარები განლაგდნენ.

ასობით ათასი პალესტინელი გაიქცა, ან გააძევეს საკუთარი სახლებიდან, რასაც ისინი ალ-ნაკბას, ან “ჰოლოკოსტს” უწოდებენ. ერთი წლის შემდეგ ბრძოლა ცეცხლის შეწყვეტით დასრულდა, თუმცა ისრაელმა ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე კონტროლი აიღო. 

Israeli military commanders arrive in East Jerusalem, after Israeli forces seized East Jerusalem, during the Six Day War in 1967

იორდანიამ დაიპყრო მიწა, რომელიც დასავლეთ სანაპიროს სახელით გახდა ცნობილი, ხოლო ეგვიპტემ - ღაზა. იერუსალიმი ორად გაიყო - მის დასავლეთ ნაწილს ისრაელი აკონტროლებდა, ხოლო აღმოსავლეთს - იორდანია.

მორიგი ეპიზოდი იყო 1967 წელს, როცა ისრაელმა დაიპყრო აღმოსავლეთი იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო, ასევე სირიის გოლანის მაღლობების უმეტესი ნაწილი, ღაზა და სინას ნახევარკუნძული. მას შემდეგ, პალესტინელი ლტოლვილებისა და მათი შთამომავლების უმეტესობა ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე, ასევე მეზობელ იორდანიაში, სირიასა და ლიბანში ცხოვრობს.

ისრაელმა არც მათ და არც მათ შთამომავლებს არ მისცა დაბრუნების უფლება - მათი მტკიცებით, ეს ებრაული სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.

ისრაელი დღემდე აკონტროლებს დასავლეთ სანაპიროს და მიუხედავად იმისა, რომ ღაზას სექტორი დატოვა, გაერო მიიჩნევს, რომ ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. 

ისრაელი ირწმუნება, რომ მთელი იერუსალიმი მისი დედაქალაქია, პალესტინელები კი აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი მომავალი პალესტინის სახელმწიფოს დედაქალაქია. შეერთებული შტატები ერთ-ერთია იმ რამდენიმე ქვეყანას შორის, ვინც ისრაელის პრეტენზია მთელ ქალაქზე აღიარა.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ისრაელმა ააშენა დასახლებები ადგილებში, სადაც ახლა 600 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს. პალესტინელები ამბობენ, რომ ეს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევაა და ხელს უშლიან მშვიდობას, მაგრამ ისრაელი ბრალდებებს უარყოფს.

რა ხდება ახლა ისრაელში

დაძაბულობაა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრებ ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის.

ღაზას მართავს პალესტინის მებრძოლი დაჯგუფება, სახელად ჰამასი, რომელიც გამუდმებით იბრძვის ისრაელის წინააღმდეგ. ისრაელი და ეგვიპტე მკაცრად აკონტროლებენ ღაზას საზღვრებს, რათა შეაჩერონ იარაღის მიწოდება ჰამასის დაჯგუფებისთვის.

ღაზაში და დასავლეთ სანაპიროზე მყოფი პალესტინელები აცხადებენ, რომ ისინი იტანჯებიან ისრაელის ქმედებებისა და შეზღუდვების გამო. ისრაელი აცხადებს, რომ ის მხოლოდ პალესტინის ძალადობისგან თავის დასაცავად მოქმედებს.

ვითარება 2021 წლის აპრილში, მუსლიმთა წმიდა რამადანის დაწყებისას დაიძაბა, როდესაც ისრაელის პოლიცია და პალესტინელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გარდა ამისა, უკმაყოფილება გამოიწვია აღმოსავლეთ იერუსალიმში რამდენიმე პალესტინელი ოჯახის გასახლების საფრთხემ. 

Tear gas is fired at protestors during clashes with Israeli forces near the border between the Gaza strip and Israel

რა არის დაპირისპირების ძირითადი საკითხები

ისრაელსა და პალესტინას შორის რამდენიმე სადავო საკითხია, მათ შორის - პალესტინელი ლტოლვილების ბედი, უნდა მიეცეთ თუ არა მათ ებრაულ დასახლებებში, დასავლეთ სანაპიროზე დაბრუნების უფლება და, ალბათ, ყველაზე რთული - უნდა შეიქმნას თუ არა პალესტინის სახელმწიფო ისრაელთან ერთად.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

კონფლიქტის მოგვარება უახლოეს მომავალში შეუძლებელია. 

შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ უახლეს სამშვიდობო გეგმას, რომელიც დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დამტკიცდა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ “საუკუნის გარიგებას” უწოდებდა, ხოლო პალესტინელები მას ცალხმხრივს უწოდებდნენ.

ტრამპი მხარეებს სთავაზობდა დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნას და ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებას დასავლეთ სანაპიროს დასახლებებზე. ძირითადი საკამათო საკითხი იერუსალიმი იყო - ტრამპის გეგმით, ის “ისრაელის განუყოფელი დედაქალაქია”, თუმცა პალესტინელები ამტკიცებენ, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი, რომელიც ისრაელმა დაიპყრო 1967 წლის ომის დროს, ის მათი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქია.

მომავალში, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების რეალიზებას ორივე მხარის თანხმობა დასჭირდება.