LIVE

WHO-ს ხელმძღვანელი Covid-19-ის ვაქცინით აიცრა

13 მაი 202110:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 593
WHO-ს ხელმძღვანელი Covid-19-ის ვაქცინით აიცრა

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. 

"დღეს კორონავირუსის წინააღმდეგ ჩემი ვაქცინაციის რიგი იყო. ვაქცინები სიცოცხლეს გვინარჩუნებს. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინები ყველა ქვეყანაში მაქსიმალურად მალე იყოს ხელმისაწვდომი. თუ ჩემ მსგავსად, ცხოვრობთ ქვეყანაში,  სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, გთხოვთ, აიცრათ, როდესაც თქვენი რიგი მოვა",- წერს გებრეისუსი. 

WHO-ს ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინებზე ხელმისაწვდომობა უმნიშვნელოვანესია. მისი თქმით, ამისთვის, მთავრობებმა, ფარმაცევტულმა კომპანიებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა აიღონ მეტი დოზების წარმოებისა და გაზიარების ვალდებულება, რათა ყველა იყოს დაცული. 

56 წლის ტედროს ადანომ გებრეისუსი ჟენევის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში აიცრა. უცნობია, თუ რომელი ვაქცინა გაუკეთდა მას. 

ამ დროისთვის შვეიცარიაში სამი კომპანიის Covid-19-ის ვაქცინაა დამტკიცებული. ესენია Pfizer/BioNTech-ი, Moderna და Johnson & Johnson-ი. თუმცა Johnson & Johnson-ის გამოყენება დაწყებული არ არის.

ჟენევაში 45-64 წლის ასაკობრივი ჯგუფებისთვის საყოველთაო ვაქცინაცია 12 აპრილს დაიწყო.