LIVE

Covid-19-ის ინდური შტამი 44 ქვეყანაში დაფიქსირდა

12 მაი 202120:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 1168
Covid-19-ის ინდური შტამი 44 ქვეყანაში დაფიქსირდა

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” (WHO) თანახმად, კორონავირუსის შტამი, რომელმაც ინდოეთში ეპიდემიის მასშტაბური აფეთქება გამოიწვია, მსოფლიოს 44 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული და ბრაზილიური ვარიანტების შემდეგ, ინდური შტამი ნომრით B.1.617 WHO-მ კორონავირუსის მეოთხე საყურადღებო ვარიანტად დაასახელა. ინდური შტამი, თავის მხრივ, სამ: B.1.617.1, B.1.617.2 და B.1.617.3 ვარიანტებად იყოფა. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს ვარიანტები ერთმანეთისგან განსხვავდება, ძალიან ცოტა მტკიცებულებაა ცნობილი იმისათვის, რომ ისინი სათითაოდ დახასიათდეს.

ასევე უცნობია, რამდენად ინარჩუნებენ არსებული ვაქცინები და სამკურნალო საშუალებები შტამის წინააღმდეგ ეფექტიანობას. არსებობს ვარაუდი, რომ ვაქცინების გამომუშავებული ანტისხეულები, შესაძლოა, მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ იყოს, თუმცა გარკვეულ ეფექტიანობას მაინც ინარჩუნებენ. 

ადრეული კვლევებით, B.1.617.1 და B.1.617.2 ვარიანტებს, სხვა შტამებთან შედარებით, გავრცელების მნიშვნელოვნად მაღალი ტემპი აქვთ. “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” განცხადებით, შტამები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სწრაფად გავრცელდა და ამ დროისთვის, 44 ქვეყანაში ფიქსირდება. 

B.1.617 შტამების ხაზი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ შტამებად ითვლება. შტამის სპაიკის ცილაში ორი მუტაციის გამო, ამ ვარიანტებს "ორმაგ მუტანტსაც" უწოდებენ. 

WHO-ს შეფასებით, შტამების გარდა, ინდოეთში ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყო რელიგიურმა და პოლიტიკურმა თავყრილობებმა, სადაც სოციალური დისტანციის დაცვა არ ხდებოდა. 

ეპიდემიოლოგები შიშობენ, რომ ინდოეთში კორონავირუსის აფეთქება ახალი მუტაციების გავრცელებას გამოიწვევს, რაც ინდოეთსა და დანარჩენ მსოფლიოში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუშლის.

ინდური შტამის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით, ქვეყნების ნაწილმა, მათ შორის, სინგაპურმა, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და ტანზანიამ მოქალაქეების ინდოეთში გამგზავრება და ინდოეთიდან ჩასული მგზავრების მიღება აკრძალეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბუმა შრივასტავა