LIVE

ნორვეგიის ვაქცინაციის ექსპერტები მთავრობას AstraZeneca-სა და J&J-ზე უარის თქმას ურჩევენ

10 მაი 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 8953
ნორვეგიის ვაქცინაციის ექსპერტები მთავრობას AstraZeneca-სა და J&J-ზე უარის თქმას ურჩევენ
Frederic J. Brown/AFP via Getty Images

ნორვეგიის ვაქცინაციის კომიტეტმა მთავრობას ურჩია, არ გამოიყენოს Oxford/AstraZeneca და Johnson & Johnson ვაქცინები იმუნიზაციისთვის. გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს თრომბოემბოლიის იშვიათი შემთხვევები. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შემთხვევების სტაბილური და დაბალი რაოდენობა მიწოდების სისწრაფეს ნაკლებად აქტუალურს ხდის. 

კომიტეტის ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ვაქცინა “ზოგადად ეფექტურია” COVID-19-ის წინააღმდეგ, ნორვეგიამ გაზარდა mRNA ვაქცინების ხელმისაწვდომობა. უფრო მეტიც, კომიტეტმა ხაზი გაუსვა იმ უპირატესობებს, რომლებსაც mRNA ვაქცინის ერთი დოზა უზრუნველყოფს. თუმცა, კომიტეტის წევრების ნაწილს მიაჩნია, რომ არსებული ვითარების გამო, ვირუსული ვექტორული ვაქცინების შეთავაზება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება.

ანალოგიური რეკომენდაცია გასცა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტმა. J&J ვაქცინებთან დაკავშირებით ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ის შესაფერისია გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიებში, რადგან მისი ერთი დოზა უზრუნველყოფს სრულყოფილ დაცვას და შენახვა უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება.

"მნიშვნელოვანია ვაქცინის გადანაწილება საგანგებო მდგომარეობაში, mRNA ვაქცინის მარაგების ამოწურვის შემთხვევაში",- ნათქვამია განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ განიხილავს კომიტეტის დასკვნას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის რეკომენდაციას და გადაწყვეტს, რომელი ვაქცინებით გააგრძელოს იმუნიზაციის კამპანია.

ამჟამად ნორვეგიაში არცერთი ვექტორული ვაქცინა არ გამოიყენება, რადგან J&J ვაქცინის დანერგვა ჯერ არ დაწყებულა, ხოლო AstraZeneca-ს გამოყენება 11 მარტს შეჩერდა.