LIVE

როგორ გადაწერა კრემლმა II მსოფლიო ომის ისტორია

09 მაი 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 10862
როგორ გადაწერა კრემლმა II მსოფლიო ომის ისტორია
Reuters

"სამამულო ომის" დასაწყისი - დიქტატორების გადანაწილებული ევროპა

საბჭოთა კავშირი და თანამედროვე რუსეთი ამტკიცებენ, რომ “სამამულო ომი” 1941 წლის 22 ივნისს დაიწყო. ეს კრემლის პროპაგანდის ნაწილია. 1939 წლის სექტემბერში საბჭოთა კავშირი ომში ჩაერთო, ოღონდ როგორც ნაცისტური გერმანიის მოკავშირე. პოლონეთი ფაშისტურ და საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმებს შორის თანამშრომლობის მსხვერპლი გახდა. დიქტატორები შეთანხმდნენ, რომ ქვეყანა რუკიდან საერთოდ გამქრალიყო, თუმცა ის არ იყო გამონაკლისი. 1939 წლის 30 ნოემბერს სსრკ ფინეთში შეიჭრა. 1940 წლის 16 ივნისს კი მოახდინა ლიეტუვის, ხოლო 17 ივნისს - ესტონეთისა და ლატვიის ოკუპაცია.

ომის დაწყების სადავო თარიღი მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს უკავშირდება, რომელიც 1939 წლის 23 აგვისტოს დაიდო. ხელშეკრულებას ერთვოდა საიდუმლო ნაწილი, რომლის მიხედვით, სსრკ და ნაცისტური გერმანია აღმოსავლეთ ევროპაში “გავლენის სფეროებს” ინაწილებდნენ.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის საიდუმლო ნაწილი

სტალინის და ჰიტლერისთაფლობის თვე

საბჭოთა კავშირი ომში ნაცისტური გერმანიის მოკავშირის როლში ჩაერთო და მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით მის გავლენის სფეროში შემავალი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო. მეტიც, პოლონეთში შეჭრის შემდეგ, 1939 წლის 22 სექტემბერს ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ერთობლივი სამხედრო აღლუმიც გამართეს.

ბრესტ ლიტოვსკიში ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ს საერთო აღლუმი
ბრესტ ლიტოვსკიში ნაცისტური გერმანიისა და სსრკ-ს საერთო აღლუმი

დიქტატორებს შორის თანამშრომლობა სამხედრო აღჭურვილობისა და ბუნებრივი რესურსების მიწოდებასაც მოიცავდა. ნაცისტური გერმანია საბჭოთა კავშირს საბრძოლო თვითმფრინავებით, ბომბებითა და რადიო სადგურებით ამარაგებდა. სსრკ კი სტრატეგიულ მოკავშირეს მარცვლეულს, ნავთობპროდუქტებს, ნიკელსა და მადანს აწვდიდა. საბჭოთა კავშირის პრესაში ნაცისტური პოლიტიკის გაკრიტიკება შეწყდა. კინოთეატრებში აიკრძალა ანტი-ფაშისტური ფილმები, თეატრები ანტი-ნაცისტური შინაარსის წარმოდგენებს აღარ  მართავდნენ.       

მილიარდობით დოლარი ნაციზმზე გამარჯვებისთვის - სსრკ არ იყო მარტო   

თანამედროვე კრემლის მიერ გავრცელებულ კიდევ ერთ მთავარ ტყუილს წარმოადგენს რუსეთის, როგორც ჰიტლერის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის გამარჯვების მემკვიდრისა და მცველის იდეა.

იმის მიუხედავად, რომ პუტინის პროპაგანდა ცდილობს, რეალობა ისე დახატოს, თითქოს საბჭოთა კავშირი გერმანიას მარტო გაუმკლავდა, ისტორიული ფაქტები საპირისპიროს მოწმობენ. მხოლოდ ამერიკისგან საბჭოთა კავშირმა 427 284 სატვირთო და 12 303 საბრძოლო მანქანა მიიღო. დახმარება მოიცავდა 2 328 საარტილერიო ტექნიკას, 2 670 371 ტონა საწვავს, 4 478 116 ტონა საკვებს, 1 911 ორთქმავალს და ა.შ. Leand-Lease პროგრამით კი აშშ-მა საბჭოთა კავშირს $11.3 მილიარდი გამოუყო.

ომის დასრულების პროპაგანდისტული თარიღი

მსოფლიოში 8 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს. რუსეთში “სამამულო ომის დასრულება 9 მაისს აღინიშნება. რუსეთისთვის განსხვავებულ თარიღებს დიდი მნიშვნელობა ჯერ კიდევ სტალინმა მიანიჭა. ამ ნაბიჯით მყარი ნიადაგი მომზადდა “დიდი სამამულო ომის” შესახებ პროპაგანდისთვის, რომლის მიზანი საბჭოთა კავშირის როლის ევროპისგან განცალკევებით გამოკვეთა იყო.

რეალურად, კაპიტულაციის აქტს ხელი 1945 წლის 7 მაისს, საფრანგეთში, რეიმსში მოეწერა ხელი. დოკუმენტს საბჭოთა კავშირის სახელით ხელი გენერალმა სუსლოვმა მოაწერა, თუმცა მას ხელისუფლების მხრიდან ავტორიზაცია არ ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, სტალინმა ახალი დოკუმენტი მოამზადა, რომელსაც ბერლინში 8 მაისს, მოსკოვის დროით 9 მაისს გენერალმა ჟუკოვმა მოაწერა ხელი. ფაშიზმზე გამარჯვების დღის ევროპისგან განსხვავებულ დღეს აღნიშვნით კრემლი ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს საბჭოთა კავშირმა ომი დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე მოიგო.

საბჭოთა ტოტალიტარიზმი - ფაშიზმზე არანაკლები ბოროტება

რუსული პროპაგანდის თანახმად, საბჭოთა კავშირმა ნაცისტური ბოროტებისგან გაათავისუფლა ევროპა. რეალურად, კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილები თითქმის 50 წლის განმავლობაში კომუნისტების მმართველობის ქვეშ დარჩა. საბჭოთა კავშირმა მოახდინა ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია და ანექსია. დაპყრობილ ტერიტორიებზე საბჭოთა ძალაუფლება ეფუძნებოდა ძალას, რეპრესიებსა და იდოლოგიურ კონტროლს.

ათწლეულების განმავლობაში კონტინენტის ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილებიდან ბევრი ევროპელი თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა. მილიონობით ადამიანს ჩამოერთვა უფლებები, ისინი აწამეს და იძულებით გადაასახლეს. ევროპის გათავისუფლებისთვის ბრძოლის დროს საბჭოთა სამხედროების ერთგვარ “გართობად” ქალების გაუპატიურება და ბავშვების მკვლელობა იქცა. 

წითელი არმიის მიერ აღმართული ნიშან ბრესტ-ლიტოვსკიში
წითელი არმიის მიერ აღმართული ნიშან ბრესტ-ლიტოვსკიში

ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის გაკეთება

ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ჩვეული მოვლენა გახდა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღნიშვნა არაოფიციალური ლოზუნგით ”ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის გაკეთება”, რაც ლაკონურად გადმოსცემს კრემლის მიზნებსა და ამოცანებს.

პუტინმა მეორე მსოფლიო ომი საკუთარი რეჟიმის განდიდებისთვის და მეზობლების დასაშინებლად პროპაგანდისტულ იარაღად აქცია. გამარჯვების კულტს თანამედროვე სამყაროსთვის ძალიან რეალური უსაფრთხოების შედეგები აქვს. ადოლფ ჰიტლერის დამარცხებიდან 76 წლის შემდეგ, მოსკოვი მეორე მსოფლიო ომის ხსოვნას მეზობელ უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე სამხედრო ჩარევების გასამართლებლადაც იყენებს.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის ლეგიტიმაციისთვის მეორე მსოფლიო ომის გამოყენებამ, ქვეყნის ამპარტავნულმა ლოზუნგმა - “ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია ამის გაკეთება” - გამარჯვების დღე საერთაშორისო აგრესიის სიმბოლოდ აქცია, რაც ბევრს ამბობს მსოფლიო ასპარეზზე კრემლის რეალური განზრახვების შესახებ.