LIVE

ბრიტანეთი 40 წლამდე პირებს AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივას შესთავაზებს

07 მაი 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 868
ბრიტანეთი 40 წლამდე პირებს AstraZeneca-ს ვაქცინის ალტერნატივას შესთავაზებს
Bloomberg L.P.

დიდი ბრიტანეთი 40 წლამდე ასაკის პირებისთვის AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ალტერნატივის შეთავაზებას გეგმავს. ამის მიზეზი 30-39 წლის ასაკობრივ ჯგუფში ძალზე იშვიათ შემთხვევებში თრომბოზის განვითარების რისკია. 

გადაწყვეტილება, რომელიც ვაქცინაციისა და იმუნიზაციის გაერთიანებული კომიტეტის რეკომენდაციას ემყარება, დღეს გამოცხადდა.

ახალი სტრატეგიის მიხედვით, ალტერნატიული ვაქცინების მარაგის არსებობის შემთხვევაში, 40 წლამდე ასაკის ადამიანებს სხვა ვაქცინები უნდა შესთავაზონ. ასეთი კი სულ ორია: Pfizer/BioNtech-ი და Moderna.

ქვეყანა პრევენციულ ზომებს მიმართავს მაშინ, როცა 40+ მოსახლეობის შემდეგ, მთავრობა 40 წლამდე ასაკის პირების ასაცრელად ემზადება. 

ერთი თვის წინ დიდმა ბრიტანეთმა თრომბის განვითარების იშვიათი შემთხვევების გამო, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება მხოლოდ 30 წელს გადაცილებულ პირებში დაუშვა. საუბარი შეეხებოდა სისხლის კოლტების წარმოქმნის 79 შემთხვევას, მაშინ, როცა ვაქცინა 20 მილიონ ადამიანს გაუკეთდა. თრომბის განვითარების 19 შემთხვევა გარდაცვალებით დასრულდა.

28 აპრილის მონაცემებით, ბრიტანეთში AstraZeneca-ს ვაქცინა 28.5 მილიონ ადამიანს გაუკეთდა. თრომბი 242 ვაქცინირებულთან გამოვლინდა. მათგან 49 გარდაიცვალა.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” და “ევროპის წამლის სააგენტო”, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელი ორგანო, მიიჩნევენ, რომ ვაქცინის სარგებელი გადაწონის შესაძლო რისკს, რომლის განვითარების ალბათობა ძალზე მცირეა. 

ბრიტანეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ვაქცინაციამ ინგლისში მინიმუმ  10,000 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალექს მორალესი