LIVE

გერმანია 18 წელს გადაცილებულ პირებს AstraZeneca-თი აცრის საშუალებას მისცემს

07 მაი 202111:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 812
გერმანია 18 წელს გადაცილებულ პირებს AstraZeneca-თი აცრის საშუალებას მისცემს

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებაზე დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნება. ქვეყანა 18 წლისა და უფროსი ასაკის პირებს ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის ვაქცინით აცრის საშუალებას მისცემს. გადაწყვეტილების მიზანია, ზაფხულამდე მოსახლეობის მაქსიმალურად დიდი ნაწილი აიცრას.

ვაქცინაციის ტემპის დაჩქარების მიზნით, გერმანიის მთავრობა ექიმებს ნებას რთავს, რომ მეორე დოზით პაციენტები მოქმედი სტანდარტით გათვალისწინებულ 12 კვირაზე ადრე აცრან. 

"ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ უფრო პრაგმატულები და მოქნილები",- ამბობს იენს სპანი, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი. 

მინისტრის თქმით, გერმანია მოზარდების ვაქცინაციის საკითხსაც განიხილავს. 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა გერმანიაში, შეიძლება, აგვისტოში დაიწყოს.

გერმანიამ მარტის ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდა ასაკში აცრასა და თრომბის განვითარების შესაძლო რისკის გამო, AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მხოლოდ 60 წელს გადაცილებული პირები აიცრებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ “ევროპის წამლის სააგენტო” და “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” AstraZeneca-ს ვაქცინას რეკომენდაციას უწევს, გერმანიის მოქალაქეები ვაქცინის სხვა მწარმოებლებს ამჯობინებენ და AstraZeneca-ს დოზები გამოუყენებელი რჩება.

გერმანიაში სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 8.6%, ვაქცინის ერთი დოზა კი 30%-ს აქვს მიღებული.

კობლენცის უნივერსიტეტის გამოკითხვის მიხედვით, გამოკითხულთა 66% უპირატესობას Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას ანიჭებს, 25% კი ამბობს, რომ AstraZeneca-ს ვაქცინით აცრას განიხილავს.