LIVE

გერმანია AstraZeneca-თი 60 წლამდე ადამიანების ვაქცინაციას ზღუდავს

30 მარ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 3519
გერმანია AstraZeneca-თი 60 წლამდე ადამიანების ვაქცინაციას ზღუდავს
Bloomberg L.P.

გერმანია პოზიციას ცვლის და AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის რეკომენდაციას მხოლოდ 60 წელს გადაცილებულ პირებს აძლევს. გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლო გვერდითი ეფექტების თავიდან არიდებაა. არსებული მონაცემების მიხედვით, ვაქცინამ იშვიათი გვერდით ეფექტები ძირითადად 60 წელს ქვემოთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნები, მათ შორის, გერმანია, თავდაპირველად, 60 წელს ზემოთ მოსახლეობაში მისი ეფექტის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო, AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენებას მხარს მხოლოდ ახალგაზრდებში უჭერდა. მოგვიანებით, ქვეყნებმა ამ ვაქცინის საყოველთაო გამოყენების რეკომენდაცია გასცეს. მარტის დასაწყისში კი არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა იგი უსაფრთხოდ მიიჩნია, ქვეყნებმა მისი გამოყენება განაახლეს.  

გერმანიის ამჟამინდელ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ვაქცინაციის სააგენტოს მონაცემები, 31 შემთხვევაში სისხლში იშვიათი თრომბის განვითარების შესახებ. აქედან ცხრა შემთხვევა ფატალურად დასრულდა. მათგან უმრავლესობა 20-დან 63 წლამდე ასაკის ქალი იყო. 

"ევროპის წამლის სააგენტომ", რომელიც ახლა უკვე სრულად აღარ გამორიცხავს ვაქცინასა და სისხლში თრომბის განვითარებას შორის კავშირის შესაძლებლობას, AstraZeneca-ს ვაქცინის შესახებ მონაცემები განაახლა. 

რამდენიმე კვირის წინ “ევროპის წამლის სააგენტოსთან” ერთად, “,მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ” და სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელმა ორგანოებმა აღნიშნეს, რომ ვაქცინის სარგებელი მის შესაძლო რისკებს აღემატება და ქვეყნებს მისი გამოყენებისკენ მოუწოდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დენიელ შეფერი