LIVE

City Tours: 7 წელია თბილისში ტურისტული ავტობუსების გაჩერებების მოწყობას ვითხოვთ

05 მაი 202118:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1350
City Tours: 7 წელია თბილისში ტურისტული ავტობუსების გაჩერებების მოწყობას ვითხოვთ

კომპანია City Tours-ი თბილისში ტურისტული ავტობუსების გაჩერებების მოწყობას ითხოვს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტურისტებისა და კომპანიისთვის პრობლემას წარმოადგენს. 

"ქალაქში ტურისტული გაჩერებები არ არსებობს. გვეუბნებიან ავტობუსის ზოლზე არ შეხვიდეთო, არ გვაქვს გაჩერებები, ტურისტი რომ ჩამოვა, ხომ უნდა იცოდეს სად დაგველოდოს? ვაჩერებთ დარღვევით და ამისთვის ხშირად გვაჯარიმებენ",- აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" კომპანიის დირექტორი, გერმან ჭელიძე.

კომპანიამ ტურისტული ავტობუსების გაჩერებების მოწყობის თხოვნით თბილისის მერიას წლების წინ მიმართა და შესაბამისი სამარშრუტო გეგმაც წარუდგინა, თუმცა უწყებისგან პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"მივმართეთ მერიას, გავუგზავნეთ წერილი, დავალაგეთ ყველაფერი და წარვადგინეთ შესაბამისი მარშრუტები და ადგილები, სადაც შეიძლება გაჩერებების მოწყობა. 7 წელია გვეუბნებიან, ვიხილავთ საკითხსო. რად უნდა ამდენი ხანი ამის გადაწყვეტას? არ გვაქვს ინფრასტრუქტურა და ეს მოსაწესრიგებელია",- აცხადებს გერმან ჭელიძე.