LIVE

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ WHO-მა COVID19-ის წარმომავლობა ცხოველებს მიღმაც უნდა ეძიოს

02 მაი 202116:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 740
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ WHO-მა COVID19-ის წარმომავლობა ცხოველებს მიღმაც უნდა ეძიოს

მეცნიერთა ჯგუფი “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას” (WHO) მოუწოდებს, შექმნას კიდევ ერთი საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც COVID-19-ის წარმოშობის  ძირითად წყაროდ ცხოველებს არ განიხილავს. ამ მიზნით მეცნიერები რიგით მესამე ღია წერილს აქვეყნებენ.

ინიციატივის ხელმომწერები ორგანიზაციას გამოძიების დროს ჩასატარებელ აუცილებელ მოქმედებებზე მიუთითებენ. მათ შორის, WHO-ს სთავაზობენ, რომ გამოძიება ჩინეთის მთავრობის “ზედმეტი წარმომადგენლობის” გარეშე ჩატარდეს. ასევე წევრების შერჩევის პროცესი ვეტოს ძალის გამოყენების გარეშე წარიმართოს და კვლევის მონაცემებზე, ნიმუშებსა და ჩანაწერებზე წვდომის მანდატი გაიზარდოს.

“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ინიციატივით, ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც საერთაშორისო სპეციალისტებთან ერთად, ჩინელი მკვლევრები მონაწილეობდნენ, დაადგინა, რომ ახალი კორონავირუსი შესაძლოა ადამიანზე ღამურებიდან შუამავალი ცხოველის საშუალებით გადავიდა. ჯგუფმა ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსია ნაკლებად სარწმუნოდ მიიჩნია. 

ჯგუფის ამგვარ შეფასებას მალევე გამოეხმაურა “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის” ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეისუსი და აღნიშნა, რომ მზადაა სხვა ვერსიების შესასწავლად ჩინეთში ახალი მისიებით ჩაერთოს, თუმცა ამას ადგილობრივ მთავრობასთან თანამშრომლობა დასჭირდება. 

ვირუსის ლაბორატორიიდან გავრცელების იდეას იზიარებდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და CDC-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, რობერტ რედფილდი.

ჩინეთი ვირუსის ლაბორატორიიდან გაჟონვის იდეას კატეგორიულად უარყოფს. მისი ვერსიით, შესაძლებელია, ქვეყანაში ვირუსი იმპორტული გაყინული საკვებიდან მოხვდა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კორინ გრეტლერი