LIVE

CDC-ის ყოფილი დირექტორი ფიქრობს, რომ Covid-19 უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა

27 მარ 202115:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 520
CDC-ის ყოფილი დირექტორი ფიქრობს, რომ Covid-19 უჰანის ლაბორატორიიდან გავრცელდა
Bloomberg L.P.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ყოფილი ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ Covid-19 ჩინეთში, უჰანის ლაბორატორიაში წარმოიშვა და 2019 წლის სექტემბერში გავრცელდა.

რობერტ რედფილდი, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნა ვირუსის გავრცელების პირველ წელს მოუწია, ფიქრობს, რომ ეს სცენარი უფრო სავარაუდოა, ვიდრე სხვა ვერსიები, მათ შორის ვირუსის ცხოველებიდან ადამიანებზე გადასვლა ან მისი ცოცხალი ცხოველების ბაზრიდან გავრცელება.

”ზოგს ამის არ სჯერა. არაუშავს, საბოლოოდ ამას მეცნიერება დაადგენს,”- ამბობს რედფილდი. 

რედფილდის თქმით, ვირუსის სწრაფი გავრცელება მიანიშნებს, რომ ის ლაბორატორიაში განვითარდა. მისი აზრით, შტამის ცხოველებიდან გავრცელების შემთხვევაში, ადამიანებს შორის გასავრცელებლად ვირუსს მეტი დრო დასჭირდებოდა. 

ამასთან, რედფილდი განმარტავს, რომ ის ჩინეთს ვირუსის მიზანმიმართულ გავრცელებაში არ ადანაშაულებს.

ენტონი ფაუჩი, აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი და ჯო ბაიდენის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, ამბობს, რომ რედფილდის მოსაზრებას ჯანდაცვის ოფიციალური პირების დიდი ნაწილი არ იზიარებს. 

ფაუჩის თქმით, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვირუსი მის ოფიციალურ დადასტურებამდე ერთი თვით ადრე მაინც ცირკულირებდა და ადაპტაციაც სწორედ ამ დროში მოასწრო.

რედფილდის მოსაზრების საპასუხოდ, ვირუსოლოგმა სტენლი პერლმენმა ის შემთხვევები გაიხსენა, როდესაც ადამიანებში გავრცელების შედეგად, ვირუსი ნაკლებად დამაზიანებელი გახდა. 

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ოთხი მთავარი თეორია განიხილება. მათ შორისაა შტამის ლაბორატორიიდან გავრცელების ვერსიაც, თუმცა მეცნიერები ემხრობიან იდეას, რომ ვირუსი ადამიანზე ღამურებიდან, ჯერჯერობით დაუდგენელი შუამავალი სახეობის მეშვეობით, გადავიდა. 

ჩინეთში კორონავირუსის წარმოშობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები სწავლობენ. მათი ანგარიშის გამოქვეყნება ამ თვეში იგეგმება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოშ ვინგროვი