LIVE

TikTok ანტი-პუტინისტურ ინფორმაციას შლის

30 აპრ 202116:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
TikTok ანტი-პუტინისტურ ინფორმაციას შლის

რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გაზრდილი ზეწოლის პარალელურად, TikTok-ი ანტი-პუტინისტურ შინაარსს ამცირებს.

TikTok-ი იმ სოციალური მედიის კომპანიების ჩამონათვალშია, რომლებიც მკაცრ ზეწოლას განიცდიან რუსეთში ანტისახელმწიფოებრივი პოსტების წასაშლელად, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი განსხვავებულ აზრს ებრძვის.

TikTok-ის სპიკერის განცხადებით, „რუსეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ იანვრის შემდეგ გაზარდეს შინაარსის ამოღების შესახებ თხოვნების რაოდენობა და შესაბამისად, მთელ ინდუსტრიაში წაშლილი შინაარსის რაოდენობამ იმატა. ჩვენს პოლიტიკაში არანაირი ცვლილება არ შეგვიტანია“.

ერთ-ერთი მომხმარებელი, ვისი ვიდეოებიც ქსელმა ამოიღო, მიხეილ პეტროვია. მისი პოსტები წელს ვირუსული გახდა, რადგან უკმაყოფილების ზრდის პარალელურად, საპროტესტო მოძრაობების შესახებ წერდა ვიდეოებს. პეტროვს 250 000 გამომწერი გაუჩნდა. TikTok-მა პოლიტოლოგიის სტუდენტი ტალანტების განვითარების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია, შემდეგ კი მის ზოგიერთ ვიდეოში ხმა გაქრა.

22 წლის პეტროვის თქმით, ერთ-ერთი ვიდეო, რომელსაც ხმა გაუქრა, იყო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადება პუტინის „მკვლელად“ მოხსენიების შესახებ. მიზეზი სტანდარტების დარღვევა გახდა. სხვა ვიდეოები გაქრა, თავად სტუდენტი კი ტალანტების განვითარების პროგრამიდან „საკუთარი აზრის გამოთქმის“ გამო გარიცხეს.

სვეტლანა სოკოვამ, რომელსაც TikTok-ზე 58 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, განაცხადა, რომ მისი გვერდი მას შემდეგ წაიშალა, რაც 23 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ერთ-ერთი ვიდეო სახელმწიფო ტელევიზიით აჩვენეს. მან ახალი ანგარიში შექმნა, მაგრამ ამბობს, რომ მრავალი შეტყობინება დაბლოკილია ან სხვაგვარად იზღუდება მარეგულირებლის მიერ.

რუსი ოფიციალური პირების თქმით, კრემლი მიზანმიმართულ აკრძალვებს ეფექტურად მიიჩნევს, რადგან TikTok-ის პოპულარულ მომხმარებლებს ესმით, რომ პუტინის საწინააღმდეგო შინაარსის განთავსების შემთხვევაში შემოსავალს დაკარგავენ.

სოციალურ მედიაზე ზეწოლა რუსეთში განსხვავებული აზრის აღსაკვეთი ფართო კამპანიის ნაწილია. ხუთშაბათს ქვეყნის მასშტაბით ნავალნის მოკავშირეების 40-მდე ოფისი, მათი „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოცხადების გამო, დაიხურა.

კრემლისგან განსხვავებით, ალექსეი ნავალნი აცნობიერებდა ონლაინ პლატფორმების მნიშვნელობას. მას, მილიონობით გამომწერი ჰყავდა და პუტინს პრობლემები ახალ თაობასთან შეუქმნა. ახალგაზრდა რუსები ნაკლებად ენდობიან სახელმწიფო მედიას და გამოკითხვების თანახმად, საპროტესტო მოძრაობებს მხარს უჭერენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მადის კაბაში