LIVE

WHO ჩინური ვაქცინების შესახებ საბოლოო შეფასებას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს

30 აპრ 202118:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 929
WHO ჩინური ვაქცინების შესახებ საბოლოო შეფასებას მომდევნო კვირაში გამოაქვეყნებს

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) სტრატეგიული საკონსულტაციო ექსპერტთა ჯგუფი ჩინური ვაქცინების Sinopharm-ისა და Sinovac-ის შესახებ საბოლოო შეფასებას მომავალ კვირაში მოამზადებს. ამის შესახებ WHO-ს გენერალური დირექტორის თანაშემწემ მარიანჯელა სიმაომ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ექსპერტები ამ კვირაში Sinopharm-ისა და Moderna-ს შესაფასებლად ხვდებიან, ხოლო Sinovac-ის ვაქცინის განხილვა მომავალ კვირას იგეგმება. სამივე ვაქცინის შესახებ საბოლოო შეფასება კი მომავალი კვირის განმავლობაში მომზადდება.  

სწორედ ექსპერტების შეფასების საფუძველზე “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია” გადაწყვეტს მისცემს თუ არა ვაქცინებს ავტორიზაციას. 

"როგორც ვხედავთ, ვაქცინების მომარაგების მხრივ, არასტაბილური სიტუაციაა. პრობლემები გვაქვს ინდოეთიდან მომარაგებაზე. ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებლებთან გვაქვს პრობლემა პრეპარატის ნედლეულის ნაკლებობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება, რომ უფრო მეტი ვაქცინა გამოვიდეს ბაზარზე და ამ ვაქცინებს სჭირდებათ, მიიღონ WHO-ს გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში გამოყენების ნებართვა, რათა ისინი იყოს საერთაშორისო გაყიდვაში",- ამბობს სიმაო. 

WHO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული გეგმის მიხედვით, იმუნიზაციის ექსპერტების ჯგუფის მიერ ჩინური ვაქცინების, Sinopharm-ისა და Sinovac-ის შესახებ განხილვა გუშინ იყო დაგეგმილი. შეხვედრა ონლაინ მიმდინარეობდა და მისი მოსმენის საშუალება მხოლოდ მონაწილეებს ჰქონდათ. გეგმის მიხედვით, ვაქცინის მწარმოებლებს ექსპერტებისთვის კვლევის სამივე ფაზის შედეგები უნდა წარედგინათ. 

Sinopharm-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა. ვაქცინით მოსახლეობის აცრა 4 მაისს დაიწყება. 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად ვიზიტის დაჯავშნა 27 აპრილიდან შეუძლიათ. ამისთვის მათ რეგისტრაცია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 15 22. 

Sinopharm-ის კორონავირუსის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ის ინაქტივირებული ვაქცინაა. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.

კომპანიის მიერ დეკემბერში გავრცელებული განცხადებით, დაავადების პრევენციისთვის ვაქცინის ეფექტიანობა 79,34%-ია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ჩინური ვაქცინა იანვრის დასაწყისში დამტკიცდა, განაცხადეს, რომ მისი ეფექტიანობა 86%-ია. კომპანიის განცხადებით, ორივე მონაცემი სწორია და სხვაობა კვლევების განსხვავებული მეთოდით აიხსნება.