LIVE

Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო - რა ვიცით ჩინური ვაქცინის შესახებ

27 აპრ 202120:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 5539
Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო - რა ვიცით ჩინური ვაქცინის შესახებ

საქართველოში ჩინური ვაქცინით, Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დაიწყო. 18 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებს აცრის გასაკეთებლად ვიზიტის დაჯავშნა უკვე შეუძლიათ. ამისთვის მათ რეგისტრაცია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge უნდა გაიარონ ან დარეკონ ტელეფონის ნომერზე 15 22. 

ქვეყანაში Sinopharm-ით აცრა 4 მაისიდან დაიწყება, მიუხედავად იმისა, ექნება თუ არა მას იმ დროისთვის "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" (WHO) ავტორიზაცია.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის ცენტრების რიცხვი 78-ით გაიზრდება და ჯამში, მოქალქეებს აცრა 138 ცენტრში შეეძლებათ. 

Sinopharm-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 000 დოზა საქართველოში აპრილის დასაწყისში შემოვიდა. თავდაპირველად, ჯანდაცვის უწყება აცხადებდა, რომ ჩინური ვაქცინების გამოყენებას WHO-ს ავტორიზაციამდე არ დაიწყებდა. WHO ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს მიმდინარე კვირას განიხილავს.  

ამ დროისთვის, Sinopharm-ს უნგრეთის მკაცრი მარეგულირებლის ავტორიზაცია აქვს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების ძირითადი არგუმენტიც სწორედ ეს არის. 

Sinopharm-ის ვაქცინა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. "დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის" დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველომ ჩინური Sinopharm-ის ერთ დოზაში 19-20 დოლარი გადაიხადა, მაშინ, როცა AstraZeneca-ს ერთი დოზა დაახლოებით, 4-5 დოლარად, ხოლო Pfizer-ი 11-12 დოლარად შეიძინა. 

გამყრელიძის თქმითვე, საქართველო Sinopharm-ის დამატებით ნახევარ მილიონ დოზას ზაფხულში მიიღებს.

Sinopharm-ის კორონავირუსის ვაქცინა ტრადიციული მეთოდითაა დამზადებული. ის ინაქტივირებული ვაქცინაა. ორგანიზმში შეყვანის შემდეგ, ვირუსის დასუსტებული ვერსია ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს და ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას სწავლობს.

კომპანიის განცხადებით, ვაქცინას მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები არ აღენიშნება. შესაძლებელია აცრილ პირებს განუვითარდეთ მცირე სიცხე, ქავილი და შეწითლება აცრის ადგილას. 

Sinopharm-ის ეფექტიანობის შესახებ ორი მონაცემი ვრცელდება. კომპანიის მიერ დეკემბერში გავრცელებული განცხადებით, დაავადების პრევენციისთვის ვაქცინის ეფექტიანობა 79,34%-ია. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ჩინური ვაქცინა იანვრის დასაწყისში დამტკიცდა, განაცხადეს, რომ მისი ეფექტიანობა 86%-ია. კომპანიის განცხადებით, ორივე მონაცემი სწორია და სხვაობა კვლევების განსხვავებული მეთოდით აიხსნება. Sinopharm-ის ეფექტიანობა წამყვანი დასავლური ვაქცინების ეფექტიანობას ჩამორჩება. 

ვაქცინის შესახებ არასრული მონაცემების გამოქვეყნების გამო, ჩინეთი კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. კომპანიას კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემები ჯერ კიდევ არ გამოუქვეყნებია. 

Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა 3-კვირიანი ინტერვალის დაცვით, თუმცა მისი ეფექტის გასაზრდელად არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ვაქცინირებული მოსახლეობის ნაწილს მე-3 დოზა შესთავაზა. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ვაქცინები არც “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა” და არც “ევროპის წამლის სააგენტოს” მიერაა ავტორიზებული, მას მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ. მათ შორის, ვაქცინა საგანგებო რეჟიმში გამოსაყენებლად დამტკიცებულია უნგრეთში.