
თურქეთის კრიპტოვალუტის ინვესტორებმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღეს მას შემდეგ, რაც უკვე მეორე თურქული კრიპტო ბირჟა ჩამოიშალა.
Vebitcoin-მა განაცხადა, რომ ის, ფინანსური მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, ოპერაციებს აჩერებს. თურქეთის ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო საბჭომ უკვე დაბლოკა კომპანიის ანგარიშები და დაიწყო გამოძიება Vebitcoin-ის და მისი აღმასრულებლების წინააღმდეგ.
CoinGecko.com-ის თანახმად, Vebitcoin-ი მეოთხე უდიდესი გაცვლითი კრიპტო ბირჟაა თურქეთში, დაახლოებით $60 მილიონის დღიური მოცულობით. ამ მოცულობის ნახევარზე მეტი ბიტკოინზე მოდის, რომელიც ამ კვირაში 19% -ით დაეცა და თითქმის ორი თვის განმავლობაში ყველაზე უარესი ვარდნის სერია ჰქონდა.
Vebitcoin-ის ჩამოშლა ასევე თურქული კრიპტო ბირჟის Thodex-ის 27 წლის დამფუძნებელის ქვეყნიდან გაქცევას და კომპანიის ოპერაციების შეწყვეტას მოჰყვა.
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა კრიპტოვალუტით გადახდები 30 აპრილიდან აკრძალა. როგორც ოფიციალური პირები აანონსებენ, კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბარიშ ბალჩი