LIVE

აშშ-ში J&J-ის ვაქცინის გამოყენება განახლდება

24 აპრ 202109:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 697
აშშ-ში J&J-ის ვაქცინის გამოყენება განახლდება
Bloomberg L.P.

აშშ-ში Johnson & Johnson-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენება განახლდება. ქვეყნის ჯანმრთელობის მარეგულირებელმა ორგანოებმა ვაქცინაზე დაწესებული 11-დღიანი პაუზა მოხსნეს. სამედიცინო დაწესებულებებს მისი გამოყენების დაწყება უკვე შეუძლიათ. 

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისა (FDA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) განცხადებით, ვაქცინა უსაფრთხო და COVID-19-ის პრევენციისთვის ეფექტიანია. ჯანდაცვის ორგანოები მიიჩნევენ, რომ ვაქცინის სარგებელი სერიოზულ, მაგრამ ძალიან იშვიათ რისკს გადაწონის. სააგენტოების განცხადებით, თრომბის განვითარების რისკი ძალიან დაბალია, თუმცა ისინი ამ მიმართულებით გამოძიებას აგრძელებენ. ამასთან, CDC-ის მოთხოვნით, ვაქცინას თან დაერთვის გაფრთხილება თრომბის განვითარების ძალიან იშვიათი, მაგრამ შესაძლო რისკის შესახებ. 

Johnson & Johnson-ის ვაქცინით აშშ-ში დაახლოებით 8 მილიონი ადამიანია აცრილი, მათგან თითქმის ნახევარი ქალია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ აცრილებში თრომბოზის შემთხვევების რიცხვი 15-მდე გაიზარდა. აქედან სამი შემთხვევა ფატალურად დასრულდა. ყველა მათგანი 50 წლამდე ქალია.  

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, ადამიანებმა რისკი ექიმებთან და ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად, უნდა შეაფასონ. განსაკუთრებით ეს ეხება 50 წლამდე ქალებს, რომლებსაც მის გარდა, სხვა ვაქცინის არჩევის საშუალება უნდა ჰქონდეთ. 

აშშ-ში Johnson & Johnson-ის ვაქცინის დროებით შეჩერებასთან ერთად, გაჩერდა პრეპარატის ევროკავშირში გადაზიდვები. 22 აპრილს "ევროპის წამლის სააგენტომ" (EMA) მისი გამოყენების რეკომენდაცია გასცა. ევროკავშირის ქვეყნებში ერთდოზიანი ამერიკული ვაქცინის გამოყენება გუშინ დაიწყო

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ანჯელიკა ლავიტო და რაილი გრიფინი