LIVE

ესპანეთმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო

23 აპრ 202111:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 2038
ესპანეთმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება დაიწყო
Vincent West/Reuters

ევროპის სამედიცინო მარეგულირებელის მიერ Johnson & Johnson-ის ვაქცინის მხარდაჭერის შემდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მისი გამოყენება იწყება. კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთდოზიან, ამერიკულ ვაქცინას ქვეყნები, სავარაუდოდ, გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში გამოიყენებენ. 

70-დან 79 წლამდე პირების Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრა ესპანეთმა გუშინ უკვე დაიწყო. ვაქცინის 150 000-მდე დოზა ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო, თუმცა "ევროპის წამლის სააგენტოს" რეკომენდაციამდე მისი გამოყენება არ დაიწყო. 

სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას ნიდერლანდებსა და ისლანდიაში დაიწყებენ.

ამერიკული ვაქცინით მოსახლეობის აცრას გეგმავს გერმანიაც. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვაქცინა ხელმისაწვდომი ოჯახის ექიმებისთვის მაისის დასაწყისიდან, ვაქცინაციის სახელმწიფო ცენტრებში კი "მაქსიმალურად მალე" იქნება. 

საფრანგეთი Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენებას შაბათიდან გეგმავს. ქვეყანას 200 000 დოზის მარაგი აქვს. საფრანგეთის ჯანდაცვის უწყებამ J&J-ის ვაქცინა 55 წელს გადაცილებული პირების აცრისთვის დაამტკიცა, თუმცა საბოლოოდ რომელ ასაკობრივ ჯგუფში გამოიყენებს მას, უცნობია. 

საბერძნეთი ამერიკულ ვაქცინას 5 მაისიდან გამოიყენებს, დანია - გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას მომავალ კვირას გააკეთებს. 

ევროკავშირისა და J&J-ს ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ბლოკს ივნისის ბოლომდე 55 მილიონი დოზა უნდა მიაწოდოს, რაც ევროკავშირში მე-2 კვარტალში მისაღები ოთხი სხვადასხვა ვაქცინის საერთო მოცულობის დაახლოებით მეოთხედია.

აშშ-ში, სადაც J&J-ის ვაქცინის გამოყენება 13 აპრილს დროებით შეჩერდა, მის გაგრძელებასთან დაკავშირებით განცხადებას, სავარაუდოდ, დღეს გააკეთებენ. 

ევროპის სამედიცინო მარეგულირებელმა ევროკავშირის მასშტაბით Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება 20 აპრილს აღადგინა. "ევროპის წამლის სააგენტოს" შეფასებით, ვაქცინასა და სისხლში კოლტების წარმოქმნას შორის კავშირი შესაძლოა, არსებობდეს, თუმცა მისი გამოყენების სარგებელი რისკს აღემატება. ამავე დროს, სააგენტომ განაცხადა, რომ ამ ვაქცინას უნდა ახლდეს განმარტება სისხლის კოლტების გაჩენასთან შესაძლო კავშირის შესახებ.