LIVE

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინებზე დახარჯულ თანხას არ ასაჯაროებს

23 აპრ 202113:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 898

რა ფასად ყიდულობს საქართველო ვაქცინებს კონფიდენციალურია,- ასე უპასუხეს ჯანდაცვის სამინისტროში „ბიზნეს ფორმულას“ კითხვას ვაქცინების შესყიდვაზე გაწეულ ხარჯთან დაკავშირებით.

„ბიზნეს ფორმულამ“ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვაზე გაწეულ ხარჯთან და შესყიდული ვაქცინების ღირებულებასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს.

„ვაქცინების ფასებთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან და მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული აქვს ე.წ. confidentiality agreement. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს პასუხში.

მიმდინარე თვის დასაწყისში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ვაქცინების ფასებთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს COVAX პლატფორმიდან ვაქცინებს საბაზრო ფასზე იაფად ყიდულობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანამ AstraZeneca-ს ერთი დოზა დაახლოებით, 4-5 დოლარად, Pfizer-ი 11-12 დოლარად, ხოლო ჩინური Sinopharm-ი 19-20 დოლარად იყიდა. საქართველოში მარტში AstraZeneca-ს 43 200 და Pfize-ის 29 250 დოზა ვაქცინა შემოვიდა, ასევე აპრილის დასაწყისში ქვეყანამ იყიდა Sinopharm-ის 100 000 დოზა. შესაბამისად, თუ ამირან გამყრელიძის მიერ დასახელებულ დაახლოებით ფასებს გავითვალისწინებთ, გამოდის, რომ საქართველომ სამი განსხვავებული ვაქცინის, ჯამში 172 450 დოზაში 2.5 მილიონამდე დოლარი გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას შეფასებული აქვს, რა შეიძლება დაუჯდეს ბიუჯეტს ვაქცინაციის გეგმის შესრულება. ვაქცინაციის დანერგვის ეროვნული გეგმით, მთლიანად მოზრდილი მოსახლეობის 60%-ით მოსაცავად საჭიროა მინიმუმ 64.3 მლნ ლარი, მაქსიმალური ბიუჯეტი კი 158.1 მლნ ლარია. წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო ვაქცინების რაოდენობა კი, დანაკარგების გათვალისწინებით, 3 979 327 დოზაა.

პანდემიის საპასუხოდ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობით აუდიტის სამსახურია დაინტერესებული. უწყება 2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის ივნისის ჩათვლით პერიოდის შესყიდვების შეისწავლის და საბოლოო დასკვნაში სახელმწიფო შესყიდვის წესით შეძენილი ვაქცინების შესახებაც იქნება ინფორმაცია.

შეგახსენებთ, ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს, AstraZeneca-ს ვაქცინით, მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დაიწყო. დაანონსებულია, რომ საყოველთაო ვაქცინაცია ხელმისაწვდომი წლის მეორე ნახევრიდან იქნება. ამ დროისთვის კი აცრილია საქართველოს 34 897 მოქალაქე.