LIVE

Covid-19-ის ვაქცინებზე 18 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

19 აპრ 202118:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 2255
Covid-19-ის ვაქცინებზე 18 წელზე უფროსი მოქალაქეებისთვის წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე 18 წელზე უფროსი პირების რეგისტრაცია დაიწყო. აცრის მსურველებს რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე www.moh.gov.ge შეუძლიათ.

რეგისტრაციის დროს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მათთვის სასურველი ვაქცინა აირჩიონ. სისტემა მათ Pfizer/Biontech-ის, Moderna-ს, Astrazeneca-ს, Johnson and Johnson-ის, Novavax-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებს სთავაზობს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლივ მიიღოს ინფორმაცია კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

COVID-ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს მხოლოდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის დაიწყო. მოგვიანებით ვაქცინის მიმღებ პირთა ჯგუფი გაფართოვდა. 5 აპრილიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართვის უფლება 55 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებს, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს მიეცათ. მათ რეგისტრაციის გავლა პორტალზე booking.moh.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე 1522 დარეკვით შეუძლიათ.

ამ დროისთვის საქართველოში ვაქცინაცია Pfizer/Biontech-სა და AstraZeneca-ს ვაქცინებით მიმდინარეობს. Pfizer/Biontech-ის მარაგი პირველი დოზის მიმღებთათვის ამოწურულია. AstraZeneca კი საქართველოში მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირების ასაცრელად გამოიყენება. 

აპრილის დასაწყისში ქვეყანაში Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებიც შემოვიდა, თუმცა Sinopharm-ის ვაქცინის მისაღებად რეგისტრაცია 27 აპრილიდან დაიწყება. ამ ვაქცინით მოქალაქეების აცრა მაისიდან იგეგმება. 

19 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 30 209 ადამიანი აიცრა.